კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა და კვლავ მზარდი მაჩვენებელი ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 306-მდე გაიზარდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 30 თბილისში გამოვლინდა.

მისი თქმით, აჭარაში გამოვლინდა კიდევ 116 შემთხვევა.

„დაგვემატა 187 ახალი შემთხვევა. ეს ახალი შემთხვევები ასეთი განაწილებითაა: 116 არის აჭარა, 30 გახლავთ თბილისი, 15 არის იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 11, გურიაში არის 4, კახეთში 3, შიდა ქართლში 3, ქვემო ქართლში 2, მცხეთა-მთიანეთში 2, სამცხე-ჯავახეთი -1“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის, ნანა ეფაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„გვაქვს 116 ახალი შემთხვევა. მათი უმეტესობა კოვიდკლინიკებშია გადაყვანილი. დღეისათვის აჭარაში 486 პირი არის კოვიდკლინიკაში, 360-ზე მეტი კოვიდკარანტინშია. საწოლფონდი იზრდება, ემატება კოვიდსასტუმროებიც“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.

ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 1798 პაციენტი მკურნალობს.

დღეს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 46-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე 1481-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი რჩება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შედეგად19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

გიორგი ჩაფიძე