უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 26 ადამიანი

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის Antonov-26-ის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კადეტი იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას, რუსული მედია ინტერფაქსი ავრცელებს.

ცნობილი გახდა,რომ თვითმფრინავი სამხედრო აეროპორტიდან 2 კილომეტრის მოშორებით, ხარკოვთან მდებარე ქალაქ ჩუხუივში ჩამოვარდა.

თვითმფინავში მყოფი კადეტები საწვრთნელ ფრენაზე იყვნენ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში თქვეს, რომ თვითმფრინავში სულ 27 პირი იყო.

ავიაკატასტროფის მიზეზს ჯერ კიდევ იძიებენ.

 დაკავშირებულია თუ არა ეს ფაქტი, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტთან ამ დრომდე უცნობია.

ხარკოვის რეგიონალური გუბერნატორის, ოლექსი კუჩერის, თქმით, პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა პილოტმა ჩამოვარდნამდე ერთი ძრავის უკმარისობაზე განაცხადა, თუმცა ეს კრიტიკული სიტუაცია არ უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.

გიორგი გახარია გამოეხმაურა უკრაინაში მომხდარ ტრაგედიას.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი თავის სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

„ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბით, რომელსაც ბორტზე მყოფი პირების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

26 სექტემბერს ადგილზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავა და მეტი დეტალები ავარიის მიზეზებთან დაკავშირებით შემდეგ გახდება ცნობილი.