დავით-გარეჯის საქმის დაწყებით „ქართული ოცნება“ რეალურ პრობლემებს ფარავს - ევროკავშირის განცხადება

როგორც ყველასთვის ცნობილია, დავით-გარეჯის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ორი კარტოგრაფი დააკავა.

ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს ბრალად ედებათ რუკების დამალვა, რომლის საშუალებითაც მტკიცდებოდა ხსენებული ტერიტორიის და კულტურული მნიშვნელობის ძეგლის საქართველოს საკუთრებაში არსებობა.

გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რაიმე კონკრეტული დასკვნა არ გაკეთებულა. აღნიშნული ორი მეცნიერი ისევ პატიმრობაში რჩება და განაჩენს ელოდება.

საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ერთი მხარე თვლის, რომ მათ მართლაც შეიძლებოდა დაემალათ აღნიშნული რუკები, ხოლო მეორე მხარე მეცნიერებს დამნაშავეებად არ მიიჩნევს და აცხადებენ, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა.

დავით-გარეჯის საქმეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც გამოეხმაურნენ.

თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბულიუსმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

გთავაზობთ ზემოხსენებულ საქმესთან დაკავშირებით, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

 ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბულიუსი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მართველი გუნდის ქმედებები სასაცილოა.

„საქართველოს მთავრობამ დააპატიმრა ორი საჯარო მოხელე "აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის უკანონოდ გადაცემისთვის".

როგორც ვიცით, გამოძიება ეხება 2007 წლის პერიოდს. სასაცილოა. ქართული ოცნება პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან, რაც პანდემიის მიმართ სუსტ რეაგირებაში და ეკონომიკის შეჩერებაში მდგომარეობს, გადაიტანოს ყურადღება“ ,  - განაცხადა კუბულიუსმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქმე სენსიტიურია და აუცილებელია საქმის ფრთხილად, საფუძვლიანად და გამჭვირვალედ წარმართვა

მან ასევე აღნიშნა, რომ საქმე პირდაპირ კავშირშია საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან.

„საწყის ეტაპზე ვართ, ჯერაც მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ, სხვების მსგავსად, სიფრთხილეს გამოვიჩენ.ცხადია, ეს მრავალი მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხია.

ჩვენთვის და ყველასთვის, ნათელია, რომ საქმე სენსიტიურია, მას აქვს საგარეო პოლიტიკური განზომილებაც, რომელსაც ფრთხილი მიდგომა სჭირდება, თუმცა, ის სენსიტიურია საშინაო პოლიტიკის მიმართულებითაც.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის და ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, რომ საქმის ზოგად კონტექსტთან და შერჩეულ დროსთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რაც გასაგებია, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის ეპიცენტრში ვიმყოფებით.

ეს ყველაფერი ხაზს უსვამს საქმის ფრთხილად, საფუძვლიანად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობას“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.