მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს - კარტოგრაფების საქმე და ეკლესიის წარმომადგენლების კომენტარები

დავით-გარეჯის თემას და დაკავებული კარტოგრაფების საქმეს საპატრიარქოს კიდევ ორი წარმომადგენელი ეხმაურება.

როგორც მათი განცხადებებიდან ირკვევა, ისინი ორ ბრალდებულ ადამიანს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, მანამ სანამ მათი ბრალი ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა.

მარგეთისა და უბისის მიტროპოლიტი, მეუფე მელქისედეკი აცხადებს, რომ მან არ იცის ამ ორ ადამიანს საერთოდ რაში ადანაშაულებენ.

„მე ვერ გავიგე იმ ორ ადამიანს რაში ადანაშაულებენ.

როცა, მოვისმინე ამ ორი ადამიანის დმოკიდებულება მათ თქვეს, რომ ისინი ელოდებიან, როდის გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო, მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს. ვერ გავერკვიე რატომ დასდეს მათ ბრალი“, - აღნიშნა მეუფემ.

მან ასევე თქვა,რომ არ იცის რატომ დუმდნენ მთელი ამ წლების მანძილზე, ვინაიდან 2014-ში ეს ყველაფერი უკვე იცოდნენ. საუბარია ავთენტური რუკების შესახებ.

„მაგალითად, როდესაც მე წმინდა სინოდის წევრმა არ ვიცი რახდება რეალურად და ამ დროს რიგითი სასულიერო პირი, მღვდელი საუბრობს ამ თემებზე ჩემთვის ეს ფაქტი მიუღებელია“, - აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა.

დღეს დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით მწვავე და კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.

მან განაცხადა, რომ ამ ე.წ ჟურნალისტურ გამოძიებას ვერანაირ ნდობას ვერ გამოუცხადებს და ელოდება გამოძიების დასკვნას.

„მინდა გითხრათ, რომ თქვენ ჟურნალისტებს ნამდვილ ინფორმაციაზე წვდომის უფლება არ შეიძლება რომ გქონდეთ. თქვენ უბრალოდ რაღაც წარმოდგენებს ქმნით.

ინფორმაციას, რომელსაც უწყება ფლობს ვერ იქნება საჯარო, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენ ადამიანს ღალატში დებთ ბრალს ისე, რომ საქმის არსში გარკვეულები არ ხართ. არიან თუ არა ისინი დამნაშავეები ამას შემდეგ ვნახავთ.

ამიტომ ვერავითარ ნდობას ვერ გამოვუცხადებ ამ ე.წ ჟურნალისტურ გამოძიებას. ნდობა მხოლოდ პროკურატურის მიმართ შემიძლია მქონდეს და მას ვერ ექნება კონკრეტული პასუხები, მანამ სანამ გამოძიება არ დასრულდება“, - აცხადებს მეუფე.

მისივე განცხადებით, ეკლესიას რა ეჭვები და აზრი აქვს ამ თემასთან დაკავშირებით, სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

„მე მოგიწოდებთ ვისაც არ გაქვთ ეს რუკა ნანახი, ნახოთ და დარწმუნდებით, რომ მასზედ საერთოდ არ არის დავით-გარეჯი მონიშნული. ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

დაუსაბუთებელი ბრალდებით, ჭორების გამო ვიღაცას დასდო ბრალი ღალატში ძალიან ცუდი და არასწორი საქციელია, ძალიან გთხოვთ თქვენ ასე ნუ მოიქცევით“, - მიმართა საზოგადოებას მეუფე ნიკოლოზმა.