კარტოგრაფების საქმე, ღალატი თუ წინასაარჩევნო შავი პიარი - პოზიცია და ოპოზიცია დავით-გარეჯზე

როგორც ყველასთვის ცნობილია, დღის წესრიგში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის  გარკვეულ მონაკვეთებზე დაკავშირებულ კარტოგრაფიული რუკების საკითხი რამდენიმე ხანია, რაც დგას.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებას, რაც სამშობლოს ღალატს ნიშნავს.

ამ თემაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ ისაუბრა.

დღეს კი ღარიბაშვილის ინტერვიუს, "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შატბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ აგორებული შავი პიარია და მეტი არაფერი.

გთავაზობთ მათი დაპირისპირების მთლიან ვერსიას.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „კოლექტიურ სააკაშვილებს“ მცდელობა ჰქონდათ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის დროს გარკვეულ მონაკვეთებზე 1938 წლის ორიგინალი კარტოგრაფიული რუკის ნაცვლად 70-80-იანი წლების კარტოგრაფიული რუკები გამოეყენებინათ, რომლის მიხედვითაც საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდა. მინისტრმა  კონკრეტული მაგალითიც დაასახელა. 

„ბაბაქი არის მწვერვალი, რომელიც  ჩვენს დე-ფაქტო სარგებლობაში იყო. მიადგნენ ამ მწვერვალს 2006-2007 წლებში და მაშინ უცებ გაახსენდათ, რომ უნდა გამოიყენონ 1938 წლის 1:200 000-თან შეფარდებით რუკა. ამ რუკის მიხედვით აზერბაიჯანის მფლობელობაში მოექცა აღნიშნული სტრატეგიული სამხედრო დანიშნულების სიმაღლე და გადაეცა აზერბაიჯანს. მოვიდნენ დავით გარეჯთან უდაბნოს და ჩიჩხიტურის მხრიდან და პირდაპირ ქედზე გამოატარეს  საზღვარი. მაშინ როდესაც,  ქედის ქვევით - დაახლოებით 500 მეტრში უნდა გამოეტარებინათ საზღვარი. აზერბაიჯანის მხარეს აშენებული აქვს სასაზღვრო პუნქტი, რომელიც 1938 წლის კარტოგრაფიული რუკით ჩვენს ტერიტორიაზე ხვდება“, - აცხადებს ღარიბაშვილი. 

მისივე განცხადებით, ეს გაუგებრობა მას შემდეგ იწყება, რაც  2007 წელს უდაბნოში აზერბაიჯანის მესაზღვრეები დააყენეს.

„ჩვენ ვსვამთ ამ კითხვას  - რატომ არ იხელმძღვანელეთ 1938 წლის რუკით?“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშილმა.  

მინისტრმა კარტოგრაფიულ რუკებთან დაკავშირებით მამა კირიონთან შეხვედრა გაიხსენა, რომელმაც უთხრა, რომ ორიგინალი რუკა ქართულმა მხარემ ვერ მოიძია.

 „ჩვენივე ინიციატივით ვიყენებდით 70-80-იანი წლების რუკებს. თუ რომელიმე ქვეყანა გვაჩუქებს ან დააპირებს გამოთქვას სურვილი, რომ უფრო მეტი ტერიტორია მოგვცენ ვიდრე გვეკუთნის, რატომ არ ავიღებთ, ხომ?! ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელები დარჩნენ ძალიან გაოცებულები. თქვეს, რომ ეს არ არის ორიგინალი რუკა, გავხსნათ ჩვენი არქივები და ვნახოთ რა რუკები გვაქვს. აქ არის ჩიხი უკვე. საქართველოს სახელმწიფოს მიეცა შესაძლებლობა, რომ იმ ორიგინალ რუკაზე დაბრუნებულიყო, საიდანაც უნდა წამოვსულიყავით ჩვენ რელურად, მაგრამ გავიჭედეთ იმიტომ, რომ ორიგინალი რუკები არ არსებობს.

ორიგინალი რუკები გამოშვებულია ბერიას დროს და ბუნებრივია, ამ რუკების არქივი რუსეთშია.  როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს არქივები ოკუპანტი ქვეყნიდან?! მე ბატონ ბიძინას ვაყენებ საქმის კურსში, რომ საჭიროა ამ რუკების მოძიება. მალე ვიღებ დავალებას, რომ ასეთი პიროვნება არის დავით ხიდაშელი - შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, პატრიოტი კაცი, რომელიც სავარაუდოდ დაგვეხმარება ამ რუკების მოძიებაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დავით ღარიბაშვილმა იმედის ეთერში განაცხადა, რომ მას თან ჰქონდა შეთანხმების ასლი და ეს მოღალატე პოლიტიკოსები მოსახლეობას აბნევენ, თითქოს მმართველი პარტია, სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ტყუილად  აბრალებს არამართლზომიერ შეთანხმებას.

მინისტრმა გადაცემაში შეთანხმების შესახებ განმარტება გააკეთა: „ჩვენთან არის კომისია, რომელიც სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით მუშაობს, აზერბაიჯანშიც ანალოგიური კომისიაა, ანუ ორი სახელმწიფო კომისია თანხმდება ჯერ და ეს მოხდა, რომელიც დადასტურებულია ხელმოწერებით - აგერ არის მელაშვილი, ილიჩევა, დათუნაშვილი, დიასამიძე. ერთი ფაქტი მაგალითად, აქ სხვებიც აწერენ ხელს.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რეალურად ვინ არის რუსული ინტერესების გამტარებელი ქვეყანაში. ხელთ მაქვს მოკლე რეზიუმე, იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც უშუალოდ სააკაშვილის დავალებით გადაეცა რუსეთს, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს,“ – აცხადებს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდიაში იმ ობიექტების ნუსხა წარმოადგინა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსულ სახელმწიფო კომპანიებს გადაეცათ.

„მე ახლა ამ მოღალატეებს მივმართავ, მაშინ, როცა ბატონი, თქვენი ბოროტი მასხარა, გარყვნილი სააკაშვილი გადასცემდა ენგურჰესს, ჟინვალჰესს, რიონჰესს, გუმათი 1, გუმათი 2, შაორჰესს, ვარციხე, ხრამი, ეს ყველაფერი გადაეცა „რაო“-ს და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, აღარ გავაგრძელებ... სად იყვნენ ეს ადამიანები?! სად იყვნენ მაშინ, როდესაც სრული მწვანე შუქი ჰქონდათ მიცემული ომამდე და ომის შემდეგ?! მაშინ, როცა აქ ამტკიცებდა, რომ პროდასავლური იყო. ეს არის რეალურად რუსული სპეცოპერაციის ნაყოფი. რეალურად, სააკაშვილი მოვიდა პრიმაკოვის გარანტიით, მისი ბიძა ცნობილია, როგორც კგბ-ს პოლკოვნიკი და იაღარის „ბარიგა“, არ მოვერიდები ამის თქმას. ეს ხალხი ებრძვის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. არჩევანი არის ჩვენს ხალხზე. ჩვენ ან ავირჩევთ პატრიოტიზმს, ან ავირჩევთ ღალატს“, - განაცხადა მინისტრმა.

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შატბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ღარიბაშვილმა ისაუბრა არა რუკებზე, არამედ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის კოლექტიური სააკაშვილის ბრალი. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს ერთადერთ ბილეთად ხელისუფლებაში დარჩენის, სააკაშვილი დარჩა, ამიტომ ამ ხერხით ცდილობს შავი პიარ-სვლა დაგეგმოს მის წინააღმდეგ.

„გუშინდელ ღარიბაშვილის ინტერვიუში მთავარი იყო არა რუკები, არამედ მისი შეფასებები, რომლებსაც აკეთებდა მთელი ამ ჩართვის  განმავლობაში, რომ ეს ყველაფერი არის კოლექტიური სააკაშვილის ბრალი. აქ არის ძაღლის თავი დამარხული. მთელი ეს საქმე, ის, რომ ეს საქმე არ არის გრიფირებული, არავის არ აქვს გაუთქმელობის ვალდებულება აღებული, ის, რომ ეს საქმე არის პირდაპირ  პროპაგანდაში წარმოჩენილი, როგორც დავით გარეჯის საქმე, ამ დროს ბრალში საერთოდ არც ფიგურირებს დავით გარეჯი, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მორიგი შავი პიარ-სვლა დაგეგმონ და გააკეთონ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი ბილეთი არის სააკაშვილი, ამიტომ სამწუხაროა, რომ ამაში ხშირად სააკაშვილი ეხმარება მას და ასე წარმოაჩენს ხოლმე, რომ არის მისი ერთადერთი ალტერნატივა.
ამ დროს რეალობა ასე არ არის, რეალობაა ის, რომ ივანიშვილი კარგავს ძალაუფლებას, იმის ხაზგასმით, რომ სხვები მასზე უარესები არიან, ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება და ამ საქმეში მზად არის, რომ გაწიროს უდანაშაულო ადამიანები და ეროვნული ინტერესები", - განაცხადა კაპანაძემ.