17 ოქტომბერს, საქართველოში "ვეტერანის დღე" აღინიშნება

დღეს, 17 ოქტომბერს საქართველოში „ვეტერანის დღე“ აღინიშნება.

აღნიშნული თარიღი ამ სახელწოდებით 2014 წლიდან იწოდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვეტერანებს ვეტერანთა დღე წალენჯიხიდან მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა წალენჯიხაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველას ვალია, პატივი მიაგოს ვეტერანებს და გაიხსენოს გმირები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში სამშობლოსთვის თავი გაწირეს.

„დღეს საქართველოში ვეტერანების დღეა. წალენჯიხა საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტია და თავის თავზე გამოიარა, თუ რა არის ოკუპაცია. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და უნდა გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის დაღუპული გმირები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას.

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და ჩვენი წარსულის ტრადიციებით და ფასეულობებით უნდა გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვეტერანებს „ვეტერანის დღე“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც მიულოცა და მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ძვირფასო ვეტერანებო, ჩემო მეგობრებო! გილოცავთ „ვეტერანის დღეს“! თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა დროს იბრძოდით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, სიძლიერისა და მშვიდობისთვის. მინდა, მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ! სამარადისო ხსოვნა დაღუპულ გმირებს! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის მიმართვაში.