ვირუსები სეზონურად მიდიან და მოდიან, ეს მთავრობა არ წავა თუ ხელი არ მივაშველეთ - ოპოზიცია/პოზიცია საარჩევნო ვითარებაზე

საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია და პოზიცია, ოპოზიცია ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებით არის გატაცებული.

როგორც მოგეხსენებათ დღეს არსებული ეპიდვითარება ამ ფაქტის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს ძენს.

ხშირია მანიპულაციები, როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

რას აპირებს მთავრობა, გადაიდება თუ არა არჩევნები, ან როგორ ვითარებაში ჩაივლის, ამ თემების გარშემო გთავაზობთ ორივე მხარის მიერ დღეს გაკეთებულ კომენტარებს.

ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ გარდაუვალი დამარცხების შიში შეპყრობილი მთავრობა, არჩევნების გადადებას ითხოვს.

„ძვირფასო მეგობრებო გარდაუვალი დამარცხების შიშით შეპყრობილი მთავრობა უკვე ითხოვს არჩევნების გადავადებას. როგორც მოგეხსენებათ, ვირუსები სეზონურად მიდიან და მოდიან, ხოლო ისეთი მთავრობა როგორიც ჩვენ გვყავს თავისით არასოდეს არ წავა თუ ხელი არ წააშველე. ქართველებს გამარჯვებისათვის და ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, უკვე ხელი აქვთ აწეული“, - აცხადებს ნათელაშვილი  

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველანაირი გადავადება დაუშვებელია და მოითხოვს, რომ არჩევნები ჩატარდეს დათქმულ ვადებში.

 ვთხოვთ ამერიკის მთავრობას რაიმე გადავადებაზე საუბრის შემთხვევაში გაამზადონ სანქციები ამ მთავრობის მისამართით. ისევე როგორც ხორციელდება ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ყველა ჭირს მოვიცილებთ, მათ შორის ამ მმართველობასაც. ყირგიზეთში ხელისუფლება დაემხო და ჩვენ გვინდა მათგან განსხვავებით საქართველოში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

„ენმ-ს“ წევრი ხატია დეკანოიძე მთავართან საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლება კორონავირუსით მანიპულაციას ცდილობს.

„ ხელისუფლება ცდილობს, როგორმე მანუპალაცია მოახდინოს კორონავირუსით და ხალხი დააშინოს, რათა რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობა გამოვიდეს. მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ ჩვენ მაინც მოტივირებულები ვართ და საზოგადოება, რომელიც საკუთარი თავის ანაბარაა დარჩენილი ყველა ჰიგიენური წესების და ნორმების დაცვით მაინც მივა არჩევნებზე. ეს მთავრობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, - აცხადებს დეკანოიძე.

წინასაარჩევნო ვითარებას გამოეხმაურა ასევე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი და განაცხადა, რომ ყველანაირ მანიპულაციებზე მთავრობაა პასუხისმგებელი.

„საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს განცდა, რომ ხელისუფლება ყველაინაირად ცდილობს სიტუაციით მანიპულაციას. როგორმე მივიდეთ არჩევნებამდე და მერე რაც იქნება იქნება. ის თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ამაზე პასუხისმგებელია მთლიანად მთავრობა. ყველანაირი ეპიდვითარება უნდა იყოს ღია და გახსნილი ხალხთან შეთანხმებით“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი

რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებებს, „ქართული ოცნების“ წევრი და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ ყველა საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია.

„3600-ზე მეტი საარჩევნო უბანია და ყველა მათგანი სრულ მზადყოფნაშია, ამას ყველა ექსპერტი ადასტურებს. ყველაფერი წესრიგშია, აქ არის დეზობარიერი, ხელების დასამუშავებელი ხსნარები, ასევე პირბადეები. აქ ამომრჩეველს დახვდება ღია სივრცე, დახურულის მაგივრად. დაცული იქნება ყველანაირი ფარულობის პრინციპი“, - აცხადებს დეპუტატი ლადო კახაძე.