„ენმ-ს“ თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება - მმართველი პარტია გუშინდელ აქციაზე

„ესაა საკუთარი ურეიტინგობის სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი არამედ კორონავირუსი ესახება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშანთვისებაა.

„გვსურს, შევაფასოთ ნაციონალური მოძრაობის გუშინდელი მავნებლური ქმედება და გამოვეხმაუროთ საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას ბათუმში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.

იმ პირობებში, როდესაც ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის თუ პოლიტიკოსის მთავარი საზრუნავი საკუთარი თანამოქალაქეების მოფრთხილება და ვირუსის მაქსიმალური შეკავება უნდა იყოს, ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშან-თვისებაა.

ქალაქში, სადაც დღეს ყველაზე მეტადაა გავრცელებული კოვიდი, 1500 ადამიანის - მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების ყოველგვარი საყოველთაოდ ცნობილი წესების დაცვის გარეშე შეკრება, ბათუმში რამდენიმე ასეული ადამიანის ჩაყვანა და უკან დაბრუნება, არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის უპასუხისმგებლო ქმედება.

ეს არის ბევრად მეტი, ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა. ეს არის საკუთარი ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება.

ამ მავნებლობის დაგეგმვისას, მათ ვირუსის გავრცელების ინსტრუმენტად გამოიყენეს და შესაბამისად, საფრთხის ქვეშ პირველ რიგში დააყენეს ბათუმში შეკრებილი საკუთარი მხარდამჭერები, რაც ამ პარტიის ბოროტ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ მხარეს დგანან ხელისუფლება, ექიმები და ხალხი, ხოლო მეორე მხარეს ნაციონალური მოძრაობა და ვირუსი.

მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და ხელისუფლების ყველა ორგანოს, მიიღონ ყველა ზომა, რათა 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საარჩევნო კამპანიას და ხელი არ შეუწყონ ვირუსის გავრცელებას“, - განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხალხმრავალი აქცია, ყოველგვარი წესების გარეშე, საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წალენჯიხაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, მომავალში პოლიტიკაში იყვნენ.

„გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, მას შემდეგ, რაც აჭარაში ჯანდაცვის პროფესიონალებმა თავდაუზოგავი შრომით, შეძლეს კოვიდ-19-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, ამ უპასუხისმგებლო ძალამ ჩაატარა გუშინ ხალხმრავალი აქცია, ჩაიყვანეს ხალხი ყველა სხვა მუნიციპალიტეტიდან, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე - ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ უპასუხისმგებლო ქმედების გამო, სახელმწიფოს მოუწევს აჭარაში სამედიცინო რესურსების გაორმაგება და ექიმების, ექთნებისა და ეპიდემიოლოგების ორმაგად დატვირთვა, რათა შემდგომ გართულებებს არ ჰქონდეს ადგილი არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სხვა რეგიონებშიც.

„ასეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს დღეს საქმე და მის სატელიტურ სისტემასთან, რომელიც დეზინფორმაციით ცდილობს, რომ ხალხს თეთრი შავად მოაჩვენოს და კარგი ცუდად დააჯეროს. არ დავუშვებთ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის წარსული, მათ აქვთ პრობლემები საკუთარ წარსულთან, ჩვენ კი ვფიქრობთ მომავალზე და მთლიანად მომავალზე ვართ ორიენტირებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.