არის თუ არა საფრანგეთში მასწავლებლის მკვლელობა "ისლამისტური ტერაქტი" - მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიმოხილვა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მასწავლებლის მკვლელობას ტერორისტულ აქტად მიიჩნევს

პრემიერ-მინისტრი, ჟან კასტექსი, აცხადებს, რომ ფრანგი მასწავლებლის მკვლელობა ტერორისტული აქტია, რომელიც მათი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია РИА Новости ავრცელებს.

„ამ ფაქტით, ისლამურმა ტერორიზმა გულში დაარტყა ჩვენს რესპუბლიკას“, - წერს კასტექსი ტვიტერზე.

„სოლიდარობას ვუცხადებთ მასწავლებლებს, სახელმწიფო ამაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. აუცილებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად ცხოვრობდნენ! არასდროს არ დავნებდებით! არასდროს“, - აღნიშნავს პრემიერი.

აღნიშნულ ფაქტს ასევე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტიც.

ემანუელ მაკრონმა პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში მასწავლებლისთვის თავის მოკვეთას „ისლამისტური ტერაქტი“ უწოდა.

ამის შესახებ BBC წერს.

„მასწავლებელი იმიტომ მოკლეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა. ისინი ვერ გაიმარჯვებენ .... ჩვენ ვიმოქმედებთ!“, - განაცხადა პრეზიდენტმა შემთხვევის ადგილიდან.

მასწავლებლის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა Charlie Hebdo.

„თავისი მოვალეობის შესრულების დროს რელიგიურმა ფანატიკოსებმა მასწავლებელი მოკლეს, ჩვენ ვიზიარებთ მისი ოჯახის და ახლობლების მწუხარებას და ვაპროტესტებთ ამ საშინელ ფაქტს. ამასთანავე ღია მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა მასწავლებელს“, - წერს ჟურნალი ტვიტერზე.

ცნობილი გახდა, რომ პარიზში მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს, რომელთა შორისაც უშუალოდ მკვლელობის ჩამდენი ადამიანის ოჯახის წევრებიც არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობაში დამნაშავე პირი მოსკოვში დაბადებული ახალგაზრდა კაცია.

მიუთითებენ ასევე მის ჩეჩნურ წარმოშობაზეც, თუმცა ოფიციალურად ამის მტკიცებულება არ არსებობს.

პარასკევს, საღამოს დამნაშავეებმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. ფაქტი მოხდა კონფლან-სენტ-ონორინში, არცისე შორს პარიზიდან.

დანაშაულზე გამოძიება დაიწყო პროკურატურის ანტიტერორისტულმა განყოფილებამ.

საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურები იუწყებიან, რომ ისტორიის მასწავლებელი ატარებდა გაკვეთილს, რომელზეც განიხილა სიტყვის თავისუფლება და აუდიტორიას წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა.

ოფიციალური პარიზი და ფრანგული მხარე ცდილობს მეტი ინფორმაციის მოძიებას მკვლელობაში ბრალდებულის პირადი მონაცემების შესახებ.