„10 მილიონსაც მივცემდითო“, ეს დანაშაულის წახალისება და კრიმინალთან კონტრაქტის გაღრმავებაა - ოპოზიცია ძარცვის საქმეზე

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ძარცვის ფაქტს ოპოზიცია ეხმაურება.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ცხელ კვალზე ვერ დააკავეს და შესაძლოა იდენტიფიკაციის პრობლემა იყოს.

„დალპა მთავრობა, დალპა სამინისტროები იმიტომ, რომ ყველაფერი არაფორმალურად იმართება“, - აცხადებს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, ყველა რესურსი არა კრიმინალის, არამედ ოპოზიციის მიმართ არის მიმართული.

„როდესაც მინისტრი გამოდის და იძახის, რომ 10 მილიონის მიმცემებიც ვართ ეს არის წახალისება კიდევ უფრო მეტი დანაშაულის ჩვენ ვხედავთ, ამ შემთხვევაში რომ , პრაქტიკულად ცხელ კვალზე ვერ მოხდა დაკავება, შესაბამისად, პრობლემაა იდენტიფიკაციის და თუ მისი იდენტიფიკაცია ვერ მოხდა, ის შესაძლოა გაქრეს და წლები და საერთოდ ვერ გახსნან საქმე. დალპა მთავრობა, დალპა სამინისტროები იმიტომ, რომ ყველაფერი არაფორმალურად იმართება და ყველა რესურსი ოპოზიციისა და არა კრიმინალის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა უგულავამ.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ასევე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.

ის აცხადებს, რომ კონტრაქტი, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის, რა საკვირველია, უფრო გაღრმავდა.

დეკანოიძემ შეახსენა პრემიერ გახარიას, რომ სამთავრობო სტატისტიკაშიც მომატებულია კრიმინალის რიცხვი და შემცირებულია გახსნილ საქმეთა რაოდენობა.

„უმძიმესი მდგომარეობა რომ არის კრიმინალური თვალსაზრისით ეს ფაქტია და არამხოლოდ წელს, მთელი ამ წლების მანძილზე. კონტრაქტი, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის, რა საკვირველია, უფრო გაღრმავდა. სწორედ ეს არის შედეგი, რომ ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს უამრავი შემთხვევა და მაგალითად სახელმწიფო ჩამოშლის პირდაპირი შემთხვევა, რომელიც იყო ზუგდიდში და დამნაშავე დაკავებული არაა. მე ბატონ გახარიას  შევახსენებ, რომ, არ ვიცი მან იცის თუ არა, თავისივე სტატისტიკაში, რომელიც სამთავრობო გვერდებზეა გამოქვეყნებული , მომატებულია კრიმინალური შემთხვევები და დაკლებულია გახსნილი საქმეები“, - განაცხადა დეკანოიძემ.