დახეული ბუცებით მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის საგზური - რას ყვებიან "ლანჩხუთის" გუნდის გოგონები

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოიგო.

უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლანჩხუთმა“ რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ ანგარიშით 0:1 დაამარცხა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა.

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი 2019 წელს გახდა. ლანჩხუთელებმა 18 შეხვედრაში 51 ქულა დააგროვეს და უშუალო კონკურენტ თბილისის „ნიკეს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობეს. 2020 წლის ქალთა ლიგის გათამაშება კი, „ლანჩხუთმა“ 34 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.

ვინ არიან ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი-ს“ წევრები და როგორ პირობებში უწევთ მათ მუშაობა და თამაშისთვის მომზადება.

ამ დეტალებით ტვ პირველი დაინტერესდა და  გოგონებთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ისინი ყველაფერ იმაზე საუბრობენ, რაც აწუხებთ.

მათი თქმით, ისინი ხშირად დახეული ბუცებით თამაშობენ ფეხბურთს.

ამასთან მათი ხელფასები კლუბის წარმომადგენლების ნასესხები ფულით არის დაფინანსებული.

„ერთ ოთახში სამნი ვცხოვრობთ, არის შემთხვევა 6 ადამიანიც ერთ ოთახშია განთავსებული და გვაქვს ჩვეულებრივი მიკროგაზის გათბობა, ზამთარში ძალიან გვიჭირს, როდესა გარეთ გვიწევს ვარჯიშიდან მოსულებს ბანაობა, მაგ მომენტში ძალიან ვცივდებით.

შეიძლება რამის გაკეთება და რამის შეცვლა,თუნდაც ელემენტარულად სპორტულები, რომ მოეცათ ეგეც არ იქნებოდა ცუდი, ოთხი თვის ხელფასი აქვთ მოსაცემი და ის ორი თვის ხელფასიც კლუბის წარმომადგენლებმა სესხი აიღეს და ისე გადაგვიხადეს, ჰიგიენისთვი საჭირო ელემენტარული რამეებიც კი არ გვქონდა გოგოებს, არ გვქონდა არც ბუცები და დახეული ბუცებით გვიწევდა თამაში“, - ამის შესახებ გოგონებმა ტვ პირველთან ინტერვიუს დროს განაცხადეს.