თავდამსხმელმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა - მას პოლიტიკური მოთხოვნები აქვს

ცოტახნის წინ თავდამსხმელმა მძევლის ფეისბუქ გვერდის საშუალებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

შეიარაღებული პირის მოთხოვნები პოლიტიკური ხასიათისაა.

უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით კონკრეტული მოთხოვნების გასაჯაროებისგან თავს ვიკავებთ.

„წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, იმყოფება პოლიციის ჯგუფები. ჩვენი ინფორმაციით ორგანიზაციაში 9 მძევალი იმყოფება და აქ ერთი შეიარაღებული ადამიანია. ამ ეტაპისთვის მისი შეიარაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ არის“, - აცხადებს საპატრულო პოლიციი უფროსი ვაჟა სირაძე.  

გთავაზობთ ასევე შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაავრცელეს.

 „პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან.

პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.