როდის გაემგზავრებიან თურქი სამხედროები აზერბაიჯანში და რა მისია აქვთ მათ?!

თურქი სამხედროები აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას, რუსული მედია „რია ნოვოსტი“, ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებმა შესაბამისი მომზადება უკვე გაიარეს.

„ჩვენი ავიაცია მზად არის, რაც შეიძლება მალე ჩაიყვანოს თურქი სამხედროები აზერბაიჯანში, რათა მათ დაკისრებული მისიის შესრულება დაიწყონ“, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა.

შეგახსენებთ, მანამდე 17 ნოემბერს, თურქი სამხედროების მთიან ყარაბაღში გასაგზავნად ნებართვის მისაღებად თურქეთის პარლამენტს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიმართა.

პარლამენტმა მოთხოვნა დააკმაყოფილა და თურქი სამხედროები იქ მთელი წლის მანძილზე დარჩებიან.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.

10 ნოემბერს სამმა ქვეყანამ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სომხეთი ვალდებულია აზერბაიჯანს ყარაბაღის ზოგიერთი რაიონები დაუბრუნოს.

ამასთან ერთად, ყარაბაღში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად რუსი სამხედრო დანაყოფები ჩავიდნენ და იქ 5 წლის განმავლობაში დარჩებიან.

ამასთან ერთად ცნობილია ის ფაქტიც, რომ თურქეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შექმნის კონფლიქტის რეგულირების ბაზას, სადაც თურქი სამხედროები მთელი წლის მანძილზე დარჩებიან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამ შეთანხმებაზე ხელმოწერას ერევანში საკმაოდ მკაცრად შეხვდნენ და პროსტესტის ნიშნად ადამიანები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.

ისინი აპროტესტებდნენ ყარაბაღის რაიონების დაკარგვას და ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ.

თავის მხრივ ნიკოლ ფაშინიანი გადადგომას არ გეგმავს და აცხადებს, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ამ შეთანხმების გარეშე სომხეთი გაცილებით უფრო მეტს ტერიტორიებს დაკარგავდა.