TV პირველის დამფუძნებელი პროკურატურაში დაიბარეს

„TV პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ წერეთელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ის აცხადებს, გამოძიების კითხვებს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.

„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ !“, - წერს ვახტანგ წერეთელი.

"იმედს გამოვთქვამ, რომ "რუსთავი 2-ის" შემდეგ არ იქნება "TV პირველი" -ს ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას", - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ნატა ძველიშვილი "TV პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთელის პროკურატურაში დაბარებას.

ძველიშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის საქმემ დაადასტურა, რომ თუ ხელისუფლებას პოლიტიკური ინტერესი აქვს, ყველაფერს გააკეთებს მის მისაღწევად.

„იმედი მაქვს, რომ ეს გამოკითხვა არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით მაინც "TV პირველ" -ს და გავლენას არ იქონიებს მის  მუშაობაზე ნებისმიერი ფორმით. არ აქვს მნიშვნელობა, მეტად თუ ნაკლებად. იმედს გამოვთქვამ, რომ "რუსთავი 2-ის" შემდეგ არ იქნება "TV პირველი" -ს ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას. "რუსთავი 2-ის" საქმემ, პრაქტიკულად,  გვაჩვენა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს ინტერესი იყოს მიღწეული. ამიტომაც,  "TV პირველი" -ს შემთხვევაშიც,  დამოუკიდებული იქნება ყველაფერი იმაზე, რა გათვლა და მიზანი აქვს ხელისუფლებას“, - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.