„წინასაარჩევნოდ TV პირველის გაჩერება უნდათ“ - არხის დამფუძნებელი გამოკითხეს

TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თიბისი ბანკის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. 

ტელეკომპანიის დამფუძნებელი  ვარაუდობს, რომ მისი გამოკითხვა, შესაძლოა TV პირველის ხელისუფლებისთვის არასასურველ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდებოდეს. 

როგორც მან აღნიშნა, „თიბისი ბანკის“ საქმეს, რომლის ფარგლებშიც მისი დაკითხვა მოხდა, არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული.

„ერთი კითხვის დასმა ვცადე. მაინტერესებდა, ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ აქ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის. ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ, არც მომჩივანი მხარე ჰყავთ, ეს არის ძალიან დიდი ეჭვი, ჩემი აზრით. რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზიაზე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკავშირდება სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას. კითხვები დამისვეს 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შიდა დეტალებზე, რაზეც განვუცხადე, რომ შიდა დეტალები მე ნამდვილად არ ვიცოდი“, - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დარწმუნებულია, რომ „TV პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთელის გამოკითხვაზე დაბარება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილს ემსახურება.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს „TV პირველზე“ ზეწოლის ფაქტები, რომელზეც მოგვიანებით თავად წერეთელი ისაუბრებს.

„საკითხი უნდა გავყოთ ორად: პირველი - მე არ ვილაპარაკებ იმ კონკრეტულ საქმეზე, რის გამოც  დაბარებულია დღეს ვახტანგ წერეთელი და მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკვე წარედგინათ.  მე შემიძლია, უბრალოდ, გავაკეთო კომენტარი რატომ ვარ აქ. 1%-ით რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ტელეკომპანია პირველს, რა თქმა უნდა, მე აქ არ ვიქნებოდი. სხვისი, რაც არ უნდა პატივს ვცემდე, ბიზნესინტერესების დასაცავად, მე აქ არ ვიქნებოდი. 100-დან 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება ტელეკომპანია პირველს და რატომ - ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და ისე შეუფარდეს გირაო, რომ კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც, წესით საქმის მონაწილე უნდა ყოფილიყო, არ გამოუკითხავთ. ეს ხომ არის უცნაური მოვლენა. თანაც, ჩვენ ვსაუბრობთ 11 წლის წინანდელ ამბავზე, რომელსაც არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი - ესეც ხომ უცნაური მოვლენაა. გარდა ამისა, ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა - ხორავას ქუჩის, მაჩალიკაშვილის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების, უცებ გამოძიება ინტერესდება 11 წლის წინანდელი საქმით, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს, არც დაზარალებული.

ეს იმიტომ ხდება ახლა, რომ  მას მერე, რაც ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო რუსთავი 2, იფიქრეს, ბარემ TV პირველიც მივაყოლოთო. ახალი ამბავი არაა, რომ TV პირველზე იყო კულუარული მცდელობები და შეტევები, რომელზეც მე არ ვისაუბრებ, ამაზე უნდა ისაუბროს არხის დამფუძნებელმა, როდესაც ის ამას საჭიროდ ჩათვლის. მათ სურთ, რომ სანამ ქვეყანა  საარჩევნო პროცესში შევა, რუსთავი 2-თან ერთად TV პირველიც გააჩერონ. მინდა გითხრათ, რომ ვერ გააჩერებთ, ეს არის ტელეკომპანია რომელიც ჩვენი საკუთარი ხელებით შევქმენით. დარწმუნებული ვარ, ეს ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, ვატო წერეთელი დღეს აქ არ იქნებოდა“, -განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ვახტანგ წერეთელმა კითხვებზე ძირითადად პასუხი გაგვცა, რომ „არ ახსოვს“ და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო ოჯახის ბიზნესი, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოძიებას წერეთელთან ლეგიტიმური შეკითხვები ჰქონდა.

„მოგეხსენებათ, ბატონი ვახტანგ წერეთელი სოციალურ მედიაში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვას, თუ რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა და მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ ეს პიროვნება სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად მან პასუხი გაგვცა, რომ არ ახსოვს. ასე ვთქვათ, მისი ძირითადი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი. ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა „სამგორი M“-ის და „სამგორი თრეიდის“ წილის მფლობელს. შეგახსენებთ, ეს ის კომპანიებია, რომელზეც მოხდა ამ თანხების სესხად გაცემა, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება წერეთელის ფარულ მოსმენასთან დაკავშირებულ კითხვას, ტყეშელაშვილმა ასე უპასუხა:

„განცხადებები სატელეფონო მოსმენების შესახებ იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ავრცელებდა ვახტანგ წერეთელი სოციალურ მედიაში ინფორმაციას, არასწორი ინტერპრეტაცია და სიცრუეა. თუ რატომ ხდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ამაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

გარდა ამისა, ჟურნალისტებმა მას ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ შესაძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზეც ჰკითხეს, რაზეც პროკურორმა განაცხადა, რომ წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.

„სამართლებრივად არასწორია წინასწარ პროგნოზების გაკეთება საქმეზე რა მოხდება და როგორ მოხდება. ასეთი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია“, - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, ვახტანგ წერეთელი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).