პირადი შურისძიება და შერჩევითი მართლმსაჯულება - ოპოზიცია გვარამიასთვის ბრალის წარდგინების გადაწყვეტილებას აფასებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილებას ხელისუფლების პირად მიზნებს უკავშირებს. 

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში რეპრესიები და პოლიტიკური ტერორი მიმდინარეობს.

„რასაც ახლა ხელისუფლება და ივანიშვილი სჩადის, ეს არის პოლიტიკური ტერორი. უკვე გადალახა ყველა საზღვარი, გონიერების ფარგლებს გასცდა ის რეპრესიები, რასაც ხელისუფლება სჩადის. გუშინ ტვ „პირველის“ მესაკუთრე იყო დაბარებული და რა თქმა უნდა მთავარი სამიზნე უკვე არის ტვ „პირველი“ „რუსთავი2“-ის შემდეგ. ნიკა გვარამიასადმი ბრალის წაყენება, აბსურდული ბრალდებით, გაკოტრებული ტელევიზია ხელისუფლების მიერ, დაყადაღებული ორი წლის განმავლობაში, ამ ადამიანმა საკუთარი ენერგიითა და უნარებით მოიტანა დღემდე და რაღაც ფინანსურ პრეტენზიებს უყენებენ.

ყველა, ვინც კი დღეს საქართველოში არის რაიმე ფორმით პოლიტიკური წონადი, გავიხსენოთ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება, ნიკა მელიას შინა პატიმრობა და ვინც კი დაკავშირებულია თავისუფალ მედიასთან, ყველა არის ხელისუფლების სამიზნე. ხვალ შეიძლება ტვ „კავკასია“ გახდეს. ზეგ კიდევ მეორე, რომელიც არ ზის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ტალღაზე. ნიკა გვარამიასადმი დღეს წინასწარი პატიმრობის შეფარდება იქნება საბოლოოდ დასამარება საქართველოში სასამართლო სისტემის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ  ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგინების გადაწყვეტილებას პირადი შურისძიება უწოდა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც კორუფცია და ნეპოტიზმი ყვავის, ეს გადაწყვეტილება შერჩევითი მართლმსაჯულების ნიმუშია.

„ამ ქვეყანაში, სადაც მარტო წელს, 6 თვეში, 735 მილიონი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია, ხელფასებში, სადაც ათეულობით მილიონი ლარი, ხალხის ფული, იფლანგება არამიზნობრივად, კორუფციაში, ნეპოტიზმში და ტენდერებში. ამ ქვეყანაში კომერციული სტრუქტურის დირექტორისთვის, ბრალის წაყენება კომერციული კომპანიის საქმიანობაზე ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შერჩევითი მართლმსაჯულება, პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და პარალელურად მცდელობა, ხელი შეეშალოს მიერ დაანონსებული ახალი არხის შექმნას.

მოდი შევხედოთ პროცესს დინამიკაში, დღეს ბრალი წაუყენეს, "რუსთავი 2"-ის დირექტორს, გუშინ დაკითხვაზე ჰყავდათ „ტვ პირველის“ მფლობელი, წინა კვირაში ბრალი წაუყენეს ქვეყნის ორ უმსხვილეს ბიზნესმენს, იმის წინ დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი, მანამდე იმუნიტეტი მოუხსნეს და ბრალი წაუყენეს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას“, - ამბობს დავით ბაქრაძე.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე, ბრალი წარედგინება. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.