„რუსთავი 2 გვარამიამ გააკოტრა“ - ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა კომპანიის გაყიდვა გადაწყვიტა. როგორც  ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რუსთავი 2 გაკოტრების პირას ნიკა გვარამიას "მიზანმიმართულმა ქმედებებმა" მიიყვანა და ხალვაშმა მისი გასხვისების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

„კომპანიაში უმძიმესი მდგომარეობაა.  არის ძალიან დიდი ოდენობის ვალები,  რომელთა გადახდის ვადა მოსულია. პირველივე დღიდან, ჩემთან არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, კანცელარიაში შემოსული წერილები,  რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ  და თუ უმოკლეს ვადაში - ერთ კვირაში, ათ დღეში, არ იქნება გადახდილი, მიმართავენ სასამართლოს.  მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან რთული ახალი მენეჯმენტისთვის და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ყველასთან დავარეგულიროთ ეს ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით, კომპანიაში ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი ვითარებაა შექმნილი,  რომ კომპანია გაკოტრების რეჟიმში იყოს, ჩვენ ამ ნაბიჯს შეგნებულად არ ვდგამთ.  ეს ჩვენ არასდროს არ გვიფიქრია, რომ რუსთავი 2 გაკოტრდება. სწორედ ამისთვის, ეს რომ არ მოხდეს, ქიბარ ხალვაშმა მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პაატა სალიამ.

სალია საეჭვო გარიგებებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 6 დღით ადრე, „კურიერის“ საარქივო მასალა სხვა კომპანიას გადაეცა.

კერძოდ, როგორც სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ნიკა გვარამიას დადებული აქვს ხელშეკრულება  „ინტერმედიასთან“, რომლის თანახმადაც 200 ათას ლარშია გაქვითული „რუსთავი 2“-ის კუთვნილი სრული საარქივო მასალა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სულ რაღაც 6 დღით ადრე, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს დადებული აქვს ხელშეკრულება გარკვეული ტექნიკის შეძენაზე და 200 ათას ლარში არის გაქვითული „რუსთავი 2“-ის კუთვნილი მთელი საარქივო მასალა, კურიერის ყველა სიუჟეტი მოყოლებული 1994 წლიდან 2019 წლამდე. რაც მთავარია, ამ მასალის სხვაგან, ნებისმიერ ტერიტორიაზე გამოყენების და გასხვისების უფლებით. ეს არის ტელეკომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე მოცემულ შემთხვევაში და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 6 დღით ადრე, მინიმალურ ფასში, რაღაც კაპიკებში ხდება გაქვითვა უნიკალური საარქივო მასალის, რომელიც იყო მხოლოდდამხოლოდ კურიერის საკუთრება. დღეს ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი 2“-ის საკუთრება, ამაზე უფლება აქვს სხვა კომპანიასაც და საყურადღებოა, რომ ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, საუბარია ინტერმედიაზე, მოიაზრება სწორედ ერთ-ერთი ახალი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად. ძალიან საინტერესოა, რატომ დადო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა [ნიკა გვარამიამ] ამგვარი ხელშეკრულება, რომლითაც ფაქტიურად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს. ამაში სავარაუდოდ მისი ინტერესიც იკვეთება ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე“,- განაცხადა პაატა სალიამ.

სალია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მიერ რუსთავი 2-სადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით  სასამართლოს მიმართავენ.  

„ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ მიიყვანა, რაც, ჩვენი აზრით,  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგადაა გამოწვეული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მოსაზრება, მტკიცებულებები და დასკვნები. საბოლოოდ, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დასკვნები გვექნება იმ აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდგომ, რომელიც უნდა განხორციელდეს კომპანიაში, შესწავლილ იქნას არსებული ვითარება. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ვინაიდან 20 დღეზე მეტია კომპანიის დოკუმენტაციას ვეცნობი, პარალელურად იმისა, რაც ვახორციელებთ ყველანაირ მოქმედებას რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი  მოქმედებისათვის, ძალიან ბევრი დეტალი გამოვლინდა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აქ ადგილი შესაძლოა ჰქონდეს მიზანმიმართულ მოქმედებას კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

2015 წლიდან, არ ვიცით ეს ხელოვნურად, თუ ბუნებრივად, ეს დადგინდება აუდიტორული დასკვნით, კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც იზრდებოდა კომპანიის ხარჯები, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. ათეულ მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პერიოდში, კომპანიის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას, რაც სხვა ნორმალურ სიტუაციაში, სხვა კომპანიასი აბსოლუტურად წარმოუდგენელია. არის ხელშეკრულებები დადებული რომლის წაკითხვისას გაგიჩნდებათ ეჭვი, რომ მეორე მხარის ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე რუსთავი 2-ისა. მაგალითად, ვხედავთ დავალიანებას გარკვეული იურიდიული პირების მიმართ რაღაც მომსახურების სანაცვლოდ და ვერავინ მეუბნება, სად არის ეს მომსახურება და, თუნდაც, კვლევები, რომელთა სანაცვლოდ დაახლოებით 600 ათასი ლარია გადახდილი. ყველაფერი ეს გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში მისი ფიდუციური ვალდებულებების დარღვევის გამო, კომპანიისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოებამ დოკუმენტურად დადასტურებულად გაიგოს, რომ არაფერ შუაშია ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა პაატა სალიამ.