რძალს, რომელმაც დედამთილი გაქურდა, 3 წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს [ვიდეო]

ზუგდიდში ქალს, რომელმაც დედამთილს 7000 ლარი მოჰპარა, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 3 წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

ამოღებული თანხა დაზარალებულს სრულად დაუბრუნდა.

„დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა, დამტკიცდეს მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ბრალდებული ცნობილი იქნეს დამნაშავედ. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით“, - განაცხადა მოსამართლე დავით კეკენაძემ.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. რძალმა დედამთილს 7000 ლარამდე თანხა მოჰპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. რძალმა ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის გატაცებაც სცადა, რის შემდეგაც დედამთილმა დახმარებისთვის მეზობლებს და პოლიციას მიმართა. რძალი მომხდარიდან 3 საათში დააკავეს.