ტრამპს გრენლანდიის ყიდვა სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებთან და თანაშემწეებთან პრივატულ საუბრებში  კუნძული გრენლანდიის ყიდვის იდეა განიხილა - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ორ, „სიტუაციაში გარკვეულ“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროთა ცნობით, გრენლანდიის შეძენის იდეა მრჩევლების ნაწილმა ხუმრობად, ნაწილმა კი სრულიად სერიოზულად აღიქვა.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გრენლანდიის ყიდვის იდეა პირველად პრეზიდენტ ჰერი ტრუმენს გაუჩნდა და 1946 წელს ის  მზად იყო, კუნძულის  სანაცვლოდ 100 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა.

აღსანიშნავია, რომ  სექტემბრის დასაწყისში დანიაში ტრამპის პირველი ვიზიტია დაგეგმილი,  თუმცა, იქნება თუ არა  გრენლანდიის ყიდვის საკითხი აშშ-ის პრეზიდენტსა და დანიის ოფიციალურ პირებს შორის გამართული მოლაპარაკებების თემა,  უცნობია.

მსოფლიოს უდიდესი კუნძული გრენლანდია ჩრდილოეთის ყინულოვან და ატლანტის ოკეანეს შორის მდებარეობს და  ის ამჟამად დანიის დაქვემდებარებაშია.