თხილის პლანტაციაში მიტოვებული ახალშობილი - ახალი დეტალები

ოზურგეთში, სამართალდამცველებმა ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  16 აგვისტოს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

მათივე განმარტებით, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი, ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.

„ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები აგდილზე მივიდოდნენ, სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩულებდა სიცოცხლეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112- ე მუხლით მიმიანარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ჩვილის მდგომარეობა, ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ექიმების თქმით, ახალშობილი გოგონა თხილის პლანტაციებში, დაბადებიდან დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იყო მიტოვებული.

მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე აცხადებს, რომ ექიმები ჩვილის გადასარჩენად რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ და მის სიცოცხლეს, ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

„ახალშობილის პოვნა მოხდა მშობიარობიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ, ანუ მთელი 4 საათის განმავლობაში, მდედრობითი სქესის ახალშობილი, ერთი კილო და 700 გრამი იყო მინდორზე, ფოთლებში. მწერები და ჭიანჭველები ესეოდაახალშობილს და მშობიარობიდან 4 საათის შემდეგ, გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში და მინდა აღვნიშნო, რომ მთელი სამედიცინო პერსონალი ჩვენი კლინიკის, სამი საათის განმავლობაში ბავშვს თავიდან არ მოსცილებიან. გასულია რამდენიმე საათი და ბავშვი ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ - განაცხადა  დავით მდინარაძემ.

ოზურგეთში ამბობენ, რომ 31 წლის ქალის ფეხმძიმობის შესახებ მის ოჯახში არაფერიო იცოდნენ. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ქალს ოჯახის წევრებისთვის ორსულობის გამხელის შეეშინდა. 

„ეს გოგო წესიერი, პატიოსანი და ზრდილობიანი გვგონია ჩვენ. აქ მოსული, მოკითხულ კაცი არ გვინახავს. რა ვიცი, კი დარჩა ასე დაორსულებული... ოჯახის პატრონმა არ იცის არაფერი... არც ეტყობოდა გოგოს, მუცელიც არ ჰქონდა დიდი.... ქალაქში მუშაობდა, ხან გადიოდა მაღაზიებს ალაგებდა ოზურგეთში და საღამოობით სულ ოჯახში იყო. ბავშვს უვლიდა, შვილი არ დაუტოვებია, გადაყოლილია ზედ. ცუდად გახდა  ალბათ და მერე მიაკითხავდა, არ დატოვებდა ბავშვს, არ არის იმ სტილის გოგო რომ ბავშვი დაეტოვებინა“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, რუსიკო გოგუაძე.