„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვარშავაში ჩაწერილი სარეკლამო რგოლი გაავრცელა, სადაც საქართველოს განვითარების მისეული ხედვაა წარმოდგენილი.

კლიპში ექსპრეზიდენტი ციხეების უმრავლესობის გაუქმებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსუბუქი დანაშაულები და მძიმე დანაშაულთა ნაწილი პატიმრობით არ უნდა დაისაჯოს.

“საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უბრალოდ უნდა დაიხუროს. უნდა დაიხუროს იმიტომ, რომ ყველა მსუბუქი დანაშაული, ყველა ეკონომიკური დანაშაული, მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საერთოდ საპატიმრო სანქციებით. თანამედროვე ტექნოლოგიები, პროგრესი იძლევა საშუალებას ბევრი ალტერნატიული შეზღუდვის და რესოციალიზაციის ღონისძიებების გატარების, საზოგადოებაში დაბრუნების ღონისძიების გატარების, ადამიანის ციხეში გამოკეტვის გარეშე. ციხეში მოხვდებიან მხოლოდ მკვლელები, ყაჩაღები, პედოფილები და ძალიან შეზღუდული სხვა რაოდენობის დამნაშავეები“, - აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების ინიციატივით პარლამენტის წინაშე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2006 წელს წარსდგა: "ვაცხადებ ახალ კანონპროექტს – ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ! ამ დანაშაულებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს – ყველა ციხეში!" – მიხეილ სააკაშვილმა "ნულოვანი ტოლერანტობა" გამოუცხადა ყველა დანაშაულს: "ჰუმანურობის ნიადაგზე ვერანაირი მოსამართლე ვერავის ვეღარ გაუშვებს. ამისთვის 3000-კაციან საგამოძიებო იზოლატორს ვაშენებთ, მზად ვართ, ბანდიტებს პირობები შევუქმნათ, ოღონდ მოგვშორდნენ,"- განაცხადა სააკაშვილმა.