ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

ბრაზილიაში, „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტროპიკული ტყეები იწვის. 

BBC-ის მონაცემებით, 2019 წელს ამაზონის ჯუნგლებში   ათწლეულის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ხანძარი დაფიქსირდა.

„კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის“ (Inpe)  მონაცემებით, 2018 წლის დროის იგივე მონაკვეთთან შედარებით, წელს ხანძრების რაოდენობა 85%-ითაა გაზრდილი.

ტყის ხანძრები ამაზონში მშრალი სეზონის განმავლობაში, ივლისიდან ოქტომბრამდე  გრძელდება.  ხანძრები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბუნებრივი მოვლენებით(მაგ. მეხის დაცემა), ასევე ხელოვნურად - ფერმერები საძოვრებისა თუ სასოფლო-სამეურნეო მიწების მიღების მიზნით ტყისგან მიწას აამგვარად ასუფთავებენ.

აქტივისტები ტყის ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ, რომელიც ანტი-ეკოლოგიური რიტორიკით გამოირჩევა.

თავის მხრივ, ბოლსონარუ ხანძრების გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს, და აცხადებს, რომ ამ გზით მათ მთავრობის იმიჯის შელახვა სურთ.

მოგვიანებით, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ბრაზილიას ცეცხლის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი რესურსი არ აქვს.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველ 8 თვეში  ბრაზილიაში 75000-ზე მეტი ტყის ხანძარი დააფიქსირდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  შედარებისთვის, მთელი 2018 წლის მანძილზე, სულ  39759 ხანძარი მოხდა.

მომზადებულია BBC-მიხედვით.