„ქათმებო, ემზარი დაგჩინჩლავთ და გაგიშვებთ“ - ზუგდიდის მერიის თანამშრომელი „სირცხვილიაზე“

ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილემ, ზაზა ფარცვანიამ Facebook-ზე აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტები გაავრცელა.

ზაზა ფარცვანიამ „სირცხვილიას“ მონაწილეებს ქათმები უწოდა და  ამგვარად მხარი  „სირცხვილიასთან“ დაპირისპირებულ დეპუტატს, ემზარ კვიციანს დაუჭირა.

"ემზარი მაგარი კაცია"..."კურიცი, ნე ხადიტე ნა ულიცე, თორემ ემზარი დაგიჭერთ, დაგჩინჩლავთ და გაგიშვებთ"- წერს ფარცვანია Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ  8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან  საპროტესტო აქციის  მიმდინარეობისას,  „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატს,  ემზარ კვიციანსა და  აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. „სირცხვილიას“ აქტივისტებმა დეპუტატს  „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს, რამაც  კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა.  შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.