იმპორტირებულ პროდუქციაში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა - რამდენად საშიშია ის?

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის  სამმართველოს თანამშრომლებმა, შესაბამისი სასაზღვრო-ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ბელგიის სამეფოს, ჰოლანდიის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის სამი შესაბამისი საწარმოდან გამოგზავნილ პროდუქტებში სალმონელა აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პროდუქტებში სალმონელას ბაქტერია მეორედ დაფიქსირდა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის 426-ე დადგენილებით, მე-5 მუხლის 51 და 52 პუნქტების შესაბამისად, კონკრეტული საწარმოებიდან პროდუქციის იმპორტი 1 წლის ვადით შეჩერდა.

სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

ზოგიერთ შემთხვევაში, სალმონელას ინფქეციასთან დაკავშირებულმა ფაღარათამ, შესაძლოა, იმდენად გამოფიტოს ადამიანი, რომ საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და გასცდა ნაწლავებს, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. ცუდი სანიტარული ნორმების მქონე ქვეყნებში მოგზაურობისას სალმონელათი ინფექციის რისკი იზრდება.