ხელისუფლების უზნეო სახე - პარლამენტის წინ კარვების აღებას და ატრაქციონის დადგმას ოპოზიცია აკრიტიკებს

გვიან ღამით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აიღეს და მათ ნაცვლად ბატუტი გაშალეს. აღნიშნულის გასაპროტესტებლად, ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

დაპირისპირებას დაკავება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს წინ 9 პირია დაკავებული, რომლებსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით განვითარებული პროცესები ოპოზიციამ შეაფასა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, იქ სადაც შვილმოკლული მამის კარვის ადგილზე, გასაბერ ზვიგენს დგამენ,  ქვეყანა ქვეყანა აღარ არის.

"სადაც შვილმოკლული მამის კარვის ადგილას, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო არ ეზეიმება, ერთ ზვიგენ მფლობელს შეუძლია გასაბერი ზვიგენი დადგას, ის ქვეყანა ქვეყანა აღარ არის. ამიტომ, ჩვენ უნდა ჩამოვაშოროთ ივანიშვილი ქვეყნის მართვის სადავეებს და ჩვენი ქვეყანა დავამსგავსოთ ნორმალურ ქვეყანას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ "რუსთავი 2-თან" საუბრისას.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება არის გაკოტრებული და გახრწნილი, რომელიც საკუთარ სახეს ბოლომდე აჩვენებს საზოგადოებას.

"ხელისუფლების ბოლომდე უზნეო სახეს აჩვენებს ის ფაქტი, როდესაც შვილმოკლული მამის კარავს იღებენ და იქ ბავშვების გასართობად ზვიგენის ფორმის სათამაშოს დგამენ, ეს არის გაკოტრებული და გახრწნილი ხელისუფლება, რომელიც თავის სახეს ბოლომდე აჩვენებს საზოგადოებას, სწორედ საზოგადოებისგან მიიღებენ ისინი ამაზე კონკრეტულ პასუხს," - აღნიშნა ოთო კახიძემ.

ამავე ფაქტს, პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან სთხოვა საზოგადოებას, რომ პარლამენტის წინ განთავსებულ ატრაქციონებზე ბავშვები არ მიიყვანონ.

„ჩემი თხოვნა იქნება თბილისი დიდია არის სახალწლო სოფელიც ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს იქ მესამე ახალ წელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ რომ მითხრან თემირლანის მკვლელი ვინ არის არალის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი

„პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ 2020წ. მე მალხაზ ვახა მაჩალიკაშვილი. განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი ვიცი თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს მაგრამ ამ გაუსაძლუსი პირობებში როგორც დაჭრილი მხეცი კუთხეში მიმწყვდეული მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

ჩემი თხოვნა იქნება თბილისი დიდია არის სახალწლო სოფელიც ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს იქ მესამე ახალ წელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ რომ მითხრან თემირლანის მკვლელი ვინ არის არალის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს ისინი ჩემზე შურის ძიებას ცდილობენ არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი“, - ნათქვამია მაჩალიკაშვილის განცხადებაში.