„ლაზიერის გამბიტი“ სერიალი, სადაც ნონა გაფრინდაშვილია ნახსენები Netflix-ის რეკორდსმენი გახდა

მინისერიალი „ლაზიერის გამბიტი Netflix-ის ახალი რეკორდსმენი გახდა. 

შოუმ პრემიერიდან 28 დღეში 62 მილიონი ნახვა მოაგროვა, რაც სტრიმინგ სერვისისთვის აბსოლუტური რეკორდია. გარდა ამისა, 92-დან 63 ქვეყანაში სერიალმა ყოველდღიურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. საძიებო სისტემა Google-ში კი ჭადრაკის შესახებ გვერდების მოძიების სიხშირემ 9 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ლაზიერის გამბიტი“1983 წელს დაწერილ უოლტერ ტევისის ბესტსელერს ეფუძნება. მინისერიალის მთავარი გმირი მოჭადრაკე ვირტუოზი ელიზაბეტ ჰარმონია, რომელიც 60-იანი წლების სრულიად პატრიარქალურ სპორტში წამყვანი ფიგურა ხდება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შოუს დასკვნით ეპიზოდში რამდენიმე წამით ნონა გაფრინდაშვილის პერსონაჟი ჩანს.

23 ოქტომბერს გამოსულ სერიალს უკვე საქართველოშიც ჰყავს მაყურებელთა არმია და მათთვის სეზონის ფინალური სერია განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან მასში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ახსენეს. ერთ-ერთ სცენაში, როდესაც ბეტ ჰარმონი კაც კონკურენტს ერკინება, კომენტატორი მის სქესს უსვამს ხაზს და დასძენს, რომ ის ერთადერთი გამორჩეული ქალი მოჭადრაკე არაა.

"ამ ინტელექტუალურ თამაშში მას სქესი თუ გამოარჩევს, თუმცა ის ერთადერთიც არაა რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, ის ქალთა მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ის არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეს".

ნონა გაფრინდაშვილი ქართველი გრანდმასტერია, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში იმარჯვებდა. სინამდვილეში, მას წარმატებული გამოსვლები აქვს ვაჟთა ტურნირებში 1963 წლიდან.

ჩვენ დავუკავშირდით ნონა გაფრინდაშვილსაც. მისი სიტყვებით, სერიალს არ უყურებს და არც სმენია, თუ ნეტფლიქსის პოპულარულ დრამაში მისი სახელი ახსენეს. ქართველი მოჭადრაკე ამბობს, რომ ასევე არ ახსენდება სხვა ფილმი ან სერიალი, რომელშიც მასზე საუბრობენ.

სიინგაპურელი მოჭადრაკე და ისტორიკოსი ოლიმპიუ ურკანი თავის ბლოგპოსტში წერს:

"ამ სერიალში რეფერენსი ერთადერთ რეალურ ქალ მოჭადრაკესთან გვხვდება და ეს ნონა გაფრინდაშვილია. ბოლო ეპიზოდში გვეუბნებიან, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შებრძოლებია კაც მოთამაშეს, რაც, ცხადია, სიმართლე არაა. მხატვრულია ამბავი თუ არა, საფრთხილოა ნამდვილ სახელებზე არასწორი ინფორმაციის მინიჭება. გაფრინდაშვილმა 1960-იან წლებში ბევრი იბრძოლა, რომ კაცების ტურნირებში ჩართულიყო".

ურკანი თავის სიტყვების დასამოწმებლად ტვიტერზე ფოტოსაც აქვეყნებს:

"ლაზიერის გამბიტის" ერთ სცენაში ამბობენ, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია. ამ დროს, მისი [გაფრინდაშვილის] მსგავსი პერსონაჟი ბეტ ჰარმონს აღფრთოვანებული უყურებს. რეალურ ცხოვრებაში, გაფრინდაშვილმა სხვა ქალები შთააგონა, რომ 1960-იანების კაცთა ტურნირებზე ეთამაშათ".

ამერიკულ სერიალში მთავარ როლს ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, მისი რეჟისორი კი ცნობილი სცენარისტი სკოტ ფრენკია. მინისერიალის მეორე სეზონს არ უნდა ველოდოთ, რადგან მისი სიუჟეტი წიგნის ფინალთან ერთად დასრულდა.