თბილისის მერია ჩაკეტილ ქალაქს საახალწლოდ მორთავს და გაანათებს - „ეს აუცილებელია, ადამიანების განწყობისთვის“

საქართველოს წინ მძიმე ზამთარი ელოდება, ამის შესახებ ინფექციონისტები და ეკონომიკის სფეროს ექსპერტები საუბრობენ.

გადატვირთულია ჯანდაცვის სისტემა. ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების, რეალურად კი ლოკდაუნის შედეგად, შეჩერებულია ეკონომიკური აქტივობები, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ყოველდღიურად ეწყობა მცირე აქცია, ადამიანები ითხოვენ შველას, რათა შიმშილის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ.

საქართველოში დღეს რამდენიმე აქცია გაიმართა, რუსთავში გარემოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენნ, რადგან წინაღმდეგ შემთხვევაში ოჯახების შენახვას ვერ შეძლებენ.

ამასთან აქცია გაიმართა თბილისშიც, ყვავილებით მოვაჭრე ადამიანები აცხადებენ, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მუშაობის გაგრძელება სურთ, რადგან ამის გარეშე ისინი ცხოვრებას და არსებობას უბრალოდ ვერ შეძლებენ.

ამის ფონზე თბილისის მერია აცხადებს, რომ საახალწლო განათებებსა და მორთულობაზე ნახევარ მილიონზე მეტი უნდა დახარჯოს.

საქართველოში არსებული სახელმწიფო კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, რომელშიც საახალწლო განათებაში დახარჯული თანხის აუცილებლობას განმარტავს.

ზემოთ ხსენებული კომპანია ბიუჯეტიდან, მთლიანად დედაქალაქის მოსართავად 659 000 ლარს დახარჯავს.

როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფო კომპანიის მიერ გასულ თვეში გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა ამიტომაც, მომსახურებს კომპანია გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძენს. ამის შესახებ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა პრემიერმა, გიორგი გახარიამ. 

"აღნიშნული შესყიდვა ატარებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, რადგან აუცილებელია ქ. თბილისის ქუჩები საახალწლო ღონისძიებების შესაბამისად იყოს მორთული, რაც იმოქმედებს საზოგადოების საახალწლო განწყობაზე, მითუმეტეს ბავშვებისათვის აუცილებელია საახალწლო ღონისძიებების გაფორმება, რომ შევუქმნათ 2021 წლის ახალი წლის ღონისძიებისათვის შესაბამისი გარემო“, - ნათქვამია შესყიდვის დოკუმენტაციაში.