19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 06 იანვარს, საღამოს საათებში ქ. თბილისში, გ.ა-სა და მის ძმას მ.ა.-ს შორის მათსავე საცხოვრებელ სახლში კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც გ.ა.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მ.ა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა 2021 წლის 06 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.