საქართველო და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - როდის იქნება ის ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში და რას აცხადებენ ამაზე საკოორდინაციო საბჭოში?

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის საკითხი განიხილეს და ამასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველო Covid-ვაქცინაციისთვის მხოლოდ იმ ვაქცინების შემოტანას განიხილავს, რომლებსაც მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციების ავტორიზაცია ექნება.

მისივე გა ნცხადებით, ჯერჯერობით ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაცია არ აქვს და საქართველო მოლაპარაკებებს მხოლოდ ფაიზერის, ასტრაზენეკასა და მოდერნას ვაქცინების შემოტანაზე მართავს.

„მკაცრი მარეგულირებელი ორგანოები განისაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, შედის ამ ჩამონათვალში 35 ქვეყანა, მაგალითად, აშშ-ის წამლის და კვების სააგენტო, გერმანიის მარეგულირებელი, ევროპის მარეგულირებლები.

მხოლოდ ამ ვაქცინებთან დაკავშირებით არის მოლაპარაკება და ჯანმოს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შეიძლება იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო განიხილავს გამოყენებისთვის.

ამ ეტაპზე არც ერთი ჩინური ვაქცინა (სინოვაკი და სინოფარმი არის ყველაზე წინწასული),  ჯერჯერობით არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ არაა აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული..

ამ ეტაპზე ჩვენ რასაც განვიხილავთ, ეს არის ფაიზერი, ასტრაზენეკა და მოდერნა. ეს ვაქცინებია, რომელიც შესაძლოა, ქვეყანამ გამოიყენოს და ასეც არის ასახული გეგმაში“, - აცხადებს თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დღესაც რომ გვქონდეს ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინა, სამ ქალაქში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - არის მინუს 80 გრადუსის ტემპერატურის მქონე მაცივრები, სადაც შესაძლებელია ამ ვაქცინის შენახვა.

„პრობლემა ეს არ არის და არც ძვირი არაა ეს მაცივარი იმდენად, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ შესყიდვა მოკლე ვადაში, ამ მიმართულებითაც მუშაობა დაწყებულია, წინასწარი მოკვლევით, 23 000 დოლარია ერთი მაცივრის ღირებულება, დამატება თუ დაგვჭირდა, ამასაც შევიძენთ“, - აცხადებს გაბუნია.

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანა, შენახვა, გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, რომელსაც საბოლოოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს.

„ჩინეთს თუ შევხედავთ, რაღაცას გვაჩვენებს და სხვა ქვეყნების სიტუაციას, ეს ერთი... მსოფლიოს რუკა აიღეთ და ნაჩვენებია, სად რამდენი ხალხი აიცრა  უკვე და სად როგორია ვირუსის გავრცელება და მერე პატარა გაანალიზება უნდა ამას.

ახლა მეორე, ჩვენთან არსებობს კანონი - შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება ან ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული ან ევროპის ქვეყნების, აშშ-ის, ავსტრალიის მარეგულირებლების მიერ აღიარებული.

ეს არის ქართული მოთხოვნები, ასე რომ ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან რომელიმე იმ ქვეყნის, რომელიც არის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული.

კოვაქსის პლატფორმაზე, რომელიც ჯანმოს მიერ არის აღიარებული, თუ იქნება ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომი და ხელსაყრელი იქნება ჩვენთვის და დაიცავს ჩვენს მოსახლეობას, მერე მის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ეს იქნება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

შეგახსნენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებით ქვეყანაში ვაქცინის გარკვეული ნაწილის შემოტანა თებერვლის თვეშია დაგეგმილი, რომელიც თავდაპირველად ასაკობრივ რისკჯგუფებზე და მედიცინის მუშაკებზე იქნება გათვლილი.

ამასთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ეროვნული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ Pfizer და Moderna-ს ვაქცინა საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის.

ამის მიზეზად ცერცვაძე ჩვენს ქვეყანაში არ არსებულ ვაქცინისთვის საჭირო პირობებს ასახელებს.

„ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართოდ იხმარება ამერიკაში, გერმანიასა და ინგლისში, ანუ Pfizer და Moderna, ჩვენთვის არ არის მათი გამოყენება მისაღები და ხელსაყრელი იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას, -80-ზე და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული და ტრანსპორტირებული, ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია.

სად არის ახლა საშუალება იმის, რომ ყველა რაიონში და პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს, ეს ამერიკას, ინგლისს და გერმანიასაც კი უჭირთ. ყველაზე შესაფერისად მიმაჩნია ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს და ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.