კორონავირუსით გამოწვეული პანდემია და დახურული სკოლების გახსნის საკითხი - ჯანდაცვის მინისტრი თემაზე

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სკოლების გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელი სკოლების გახსნის კონკრეტულ თარიღზე საუბრის საშუალებას არ იძლევა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, როგორც კი გახსნის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში.

„რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი. არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიღება. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს.

თუმცა, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.