საქართველო და კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა - აქვს თუ არა ქვეყანას რესურსი აღნიშნული პრეპარატის შემოსატანად და შესანახად

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს.

როგორც ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა.

მისივე თქმით, ვაქცინის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გადახდილია.

„ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა. ქვეყანა იყიდის „კოვაქსის“ პლატფორმიდან, წინასწარი შენატანი გადახდილია.

ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე პირდაპირ მოგვაწვდის ამ ვაცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. „კოვაქსის“ ალტერნატიული ბაზარი არის პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირაპირ ამ ვაქცინების მიღება“,-აცხადებს პაატა იმნაძე.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას საქართველო „კოვაქს“ პლატფორმიდან მიიღებს.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ გარდა „ფაიზერისა“ შესაძლოა მოსახლეობისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც ხელმისაწვდომი იყოს.

„რაც შეეხება „კოვაქს“ პლატფორმასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ინტენსიური მზადება. ინტენსიური მზადების ფაზაში საჭირო იყო და გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანი არის საკანონმდებლო ცვლილება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ პარლამენტთან. გუშინ გაიმართა უკვე პარლამენტში პირველი საკომიტეტო შეხვედრა, რაზეც ცვლილებებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. დაინიცირდა კანონი და იანვრის ბოლომდე გეგმურად გვექნება შეტანილი ყველა ის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შეუფერხებელ შემოტანას საქართველოში.

ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში „ფაიზერის“ ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ  მისაწვდომობაც გაუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს. ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს „ფაიზერის“ ვაქცინა თუ რომელიმე სხვა ვაქცინა, ყველა ვაქცინაციას ესაჭიროება თავისი ეტაპობრიობა და ასევე, გარკვეული პორციული შემოტანა ქვეყანაში. ამას აკეთებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი არის საკმაოდ რთული პროცესი და მხოლოდ ცივი ჯაჭვის არსებობა არ განაპირობებს თუ რა მოცულობის ვაქცინების შემოტანა იქნება შესაძლებელი საქართველოში.

ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე, როგორც სხვა კომპონენტებში არ გვქონია არანაირი გართულება, ამ კომპონენტში ჩვენს მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა ყველა იმ რაოდენობაზე, რა მოცულობის შესყიდვის საშუალებაც იქნება მსოფლიო ბაზარზე. შეფერხება საქართველოში არსებული ან არარსებული პირობების გამო მოსახლეობას არ ექნება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, რადგან ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ გვაქვს.