იტალიაში მაფიოზური დაჯგუფების ასობით წევრის სასამართლო პროცესი იწყება - მსგავსი ფაქტი ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა

იტალიაში მაფიოზური დაჯგუფება, „ნდრანგეტას“ წინააღმდეგ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი სასამართლო პროცესი იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, სასამართლოს წინაშე მაფიის სავარაუდო ასობით წევრი წარდგება.

როგორც „ბი ბი სი“ წერს, „ნდრანგეტას“ საქმიანობის ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ პოლიციამ 355 ადამიანს წაუყენა ბრალი, მათ შორის არიან მაფიის სავარაუდო წევრები და კორუფციაში ბრალდებული საჯარო მოხელეები. მათ ძირითადად მკვლელობაში, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, ფულის გათეთრებასა და გამოძალვაში ედებათ ბრალი.

მოსალოდნელია, რომ ჩვენებას 900-მდე ადამიანი მისცემს. პროცესი 13 იანვარს უნდა დაიწყოს და სავარაუდოდ ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება. სასამართლო კალაბრიის რეგიონში ჩატარდება, საიდანაც არის წარმოშობით ნდრანგეტას დაჯგუფება. ბრალდებულთა რიცხოვნობის გამო პროცესები ქოლ-ცენტრის გადაკეთებულ დარბაზში გაიმართება.

გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ მაფიის წინააღმდეგ მსგავსი მასშტაბის სასამართლო პროცესი არ ყოფილა.

კოზა ნოსტრას სასამართლოსგან განსხვავებით, რომელიც დაჯგუფების ოჯახების დიდ ნაწილს ეხებოდა, ნდრანგეტას პროცესი ერთ ჯგუფზე — მანკუზოს ოჯახზეა მიმართული, რომელიც კლანის ყველაზე ძლიერ ნაწილს წარმოადგენს.

როგორც გამოცემა წერს, წინასასამართლო სხდომაზე მხოლოდ ბრალდებულთა სახელების ჩამოთვლას სამი საათი დასჭირდა. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, პოლიციელები, სახელმწიფო მოხელეები, ასევე, მაფიის სავარაუდო წევრები.

ბრალდებულებს შორის არის კლანის სავარაუდო ლიდერი, 66 წლის ლუიჯი მანკუზო, რომელსაც მეტსახელით "The Uncle" იცნობენ.

სულ ბრალდებულთა რიცხვი 400-მდე იზრდება, თუმცა 92 ადამიანმა ცალკე დაჩქარებული პროცესის გამართვა გადაწყვიტა. მათ შორისაა ჯანკარლო პიტელი, იურისტი და პარტია ფორსა იტალიას ყოფილი სენატორი.