კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს - შემსუბუქდება თუ არა საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს და ეს ტენდენცია საკმაოდ იმედისმომცემია.

გამყრელიძემ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შესაბამისი გეგმის მონახაზი არსებობს, თუმცა ერთბაშად ყველა შეზღუდვის მოხსნა არ მოხდება.

„ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის ქვეყანაში. როგორც გითხარით, დღევანდელი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2,2% არის დადებითობის მაჩვენებელი. საშუალოდ ბოლო 30 დღე გვაქვს 11,9%, ბოლო ერთ კვირაში გვაქვს 8,3% და ბოლო ორ კვირაში 9,8%.

ამავე დროს მოგეხსენებათ, თუ ჩვენ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ კვირაში 100 000 მოსახლეზე გადავთვლით, ინციდენტობის მაჩვენებელი გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. დღეს უკვე სადღაც ევროპის შუა გულში ვართ და როგორც ინციდენტობა ზოგადი, ისე 7 დღის, ისე 14 დღის საშუალო ინციდენტობა, ისე კუმულაციური, ყველა მრუდი მოდის ქვემოთ, ანუ სტაბილიზაცია სტაბილურია ქვეყანაში.

დღეს საბჭოზე განხილული იქნა შეზღუდვების მოხსნის საკითხი. არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებმა ორი დღის განმავლობაში უნდა შეიმუშავონ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, როგორც გაზაფხულზე გვქონდა.

ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება რომელიღაც ბიზნესი. დავაკვირდებით, რას მოიტანს ეს, შემდეგ კიდევ და სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, შემდეგ ეტაპზე რა გაიხსნება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დეტალურ გადაწყვეტილებებს ამ დღეებში აუცილებლად მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათში 4 964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 034 PCR ტესტით ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  247 915-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  234 636-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 13, იმერეთი - 5, ქვემო ქართლი - 4,  შიდა ქართლი - 0, გურია - 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   1 784, აჭარაში - 281, იმერეთში - 704. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში - 61, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 5, იმერეთში - 29. 634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 296 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 9.

სულ  6 ოქტომბრიდან - 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 360 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 842 პირი, აჭარაში - 1 871, იმერეთში - 2 488.