საქართველო მზად არის სამივე ტემპერატურული რეჟიმის კორონავირუსის ვაქცინის შემოსატანად - გეგმაზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

მისივე განცხადებით, ქვეყანა მზად არის სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად.

„საქართველოში ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა პარასკევს დასრულდა და მასში მონაწილეობას 82 სპეციალისტი იღებდა. სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი მოამზადებს გეგმის ვერსიას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას გაეგზავნება. ეს პროცესი იმ კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამისთვის სამი ეტაპია განსაზღვრული, ვაქცინაცია მაღალი რისკჯგუფებიდან დაიწყება, შემდეგ იქნებიან ისინი ვისაც მაღალი რისკი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი მოცვა მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა იმუნურობის დონის შესაფერის ნიშნულს მივაღწიოთ, რათა მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში.

პირველი ჯგუფი არის ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ამას მოყვება ასაკობრივი პაციენტები და სხვა ჯგუფები. საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის მქონე ვაქცინა, დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით.

რამდენიმე ვაქცინა ამგვარი აღიარების - ეს არის „ფაიზერი", „ასტრაზენეკა" და „მოდერნა". როგორც კი მსგავსი აღიარების ახალი ვაქცინა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მასაც გავითვალისწინებთ. ვაქცინის დანერგვის გეგმაში მკაფიოდ დაკონკრეტებულია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად ქვეყანა მზადაა. მას დამატებითი ინვესტიცია ნებისმიერი ტემპერატურის რეჟიმის ვაქცინის მისაღებად არ სჭირდება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.