მელიას ადვოკატი - ჩიხიდან გამოსავალი მარტივია, პროკურატურამ და სასამართლომ პატიმრობის განაჩენი უნდა გააუქმოს

ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ჩიხიდან გამოსავალი მარტივია, პროკურატურამ და სასამართლომ პატიმრობის განაჩენი უნდა გააუქმოს.

მისივე თქმით, არაფერი გამორიცხული არ არის, მათ შორის არც ის, რომ ამ უკანონო განაჩენის აღსრულებას ისევ შეეცადონ.

„ხელისუფლების მოქმედებები ნიკა მელიას საქმესთან მიმართებაში ირაციონალური იყო, რთული რაიმე ლოგიკური ვარაუდების გაკეთება თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას. გამორიცხული ბუნებრივია არაფერი არ არის და არც ის, რომ ამ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას შესაძლოა ისევ შეეცადონ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე სრულიად უკანონოა და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ შექმნილი ჩიხიდან გამოვიდეს, პროკურატურას და სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გაუქმება.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების პროცესი გაურკვეველი ვადით გადადო. ამ მოვლენას წინ უძღოდა პრემიერ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობიდან წასვლა, რამაც ერთგვარად პროცესები დროებით სტაბილური გახადა.

ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტს ახალი პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარედგინა, რომელსაც ორშაბათს სავარაუდოდ საქართველოს პარლამენტი მთავრობის აპარატთან ერთად ნდობას გამოუცხადებს.