რატომ გადადო ოპოზიციამ დაანონსებული აქცია?

ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია დროებით გადადო, როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ ამის მიზეზი ხელისუფლების მიმართ მოლაპარაკებებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია „ოცნების“ პასუხს ელოდება და ამის მიხედვით განავითარებენ შემდეგ მოვლენებს.

„ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში დაველოდებით ხელისუფლების პასუხს,  რა იქნება პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე და იმის მიხედვით, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ჩვენ ეს აქციები დროებით გავაჩერეთ და მთლიანად არ გაგვიუქმებია,  თუ „ქართული ოცნებისგან“ არ იქნება შესაბამისი ნაბიჯები რა თქმა უნდა პროტესტი გაგრძელდება“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში წითელი ხაზებით საუბრის დრო არ არის.

„ჩვენ ოპოზიციამ ჩვენი განცხადებით, რომ 25-ში აქციას არ ვატარებთ კიდევ ერთხელ ჩვენი დასავლელი პარტნიორების თხოვნით ნაბიჯი გადავდგით მოლაპარაკებების დასაწყებად, „ქართულ ოცნებაზეა“ ეხლა ყველაფერი დამოკიდებული აღარ არის დრო ქვეყანაში წითელი ხაზებით საუბრის“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პარტია „ლელოს“ წევრის საბა ბუაძის თქმით, დღეს, როდესაც პრემიერად რადიკალური და აგრესიული ადამიანია წარდგენილი, ოპოზიციას საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რათა ქვეყანაში სიტუაცია არ დაიძაბოს.

„იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ იქცევა და წინ აგრესიული კანდიდატი წამოწიეს, ჩვენ რასაკვირველია, ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რათა სიტუაცია კიდევ მეტად არ დაიძაბოს.

დასავლელი პარტნიორების ჩართულობით და თხოვნით ამ მაშტაბური აქციების გამართვაზე დროებით ვთქვით, უარი, რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ“, - აცხადებს საბა ბუაძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მზად არიან შექმნან საგამოძიებო კომისია, რომელიც ჩატარებული არჩევნების სამართლიანობას გამოიძიებს და რომელში ჩართვაც ოპოზიციონერ ლიდერებსაც შეეძლებათ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია - პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ნდობას დღეს გამოუცხადებს.