მოლაპარაკებების მაგიდა, თუ პოლიტიკური კრიზისი? - როგორ ეხმაურება ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ განცხადებებს?

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენდნენ, როგორც ცნობილია რამდენიმე ხანში დაიწყება კენჭისყრა, რომლის დასრულების შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება.

აღნიშნულ მოვლენას და ასევე ღარიბაშვილის მწვავე, პოლიტიკურ შეფასებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება კვლავ კუნთების თამაშს განაგრძობს

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას გონივრულობა ეყოფა, მაშინ მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუჯდეს.

"როგორც ჩანს, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს კუნთების თამაშის დემონსტრირებას. დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებები. ნამდვილად არ იმყოფება დღეს "ქართული ოცნება" და ხელისუფლება იმ პოზიციაში, რომ ოპოზიციას და საზოგადოებას ულტიმატუმის ენით ესაუბროს. ახლა თუ ოდნავ მაინც გონიერების ნატამალი აქვს შერჩენილი ხელისუფლებას, დროულად უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას და დროულად მოვნახოთ საერთო გზა, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ხელს არ უწყობს პოლიტიკურ დიალოგს.

"პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გამოდის და ღიად ემუქრება არა მხოლოდ მედიამენეჯერებს და პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ შეურაცხყოფას აყენებს საერთაშორისო პარტნიორებსაც. 

ყველას გვახსოვს, როგორ მოიხსენია ჩვენი მეგობარი ლიეტუიდან, რომელიც პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ჩამოვიდა. ეს ადამიანი გამორჩეულად ზიზღს თესავს, ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. მისი სიტყვებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, არ მიიღება არც ერთი სასამართლო გადაწყვეტილება,"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოლაპარაკებისთვის ოპოზიცია მზად არის. 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლება ვადლებულია მოლაპარაკებები დაიწყოს, რომლის მთავარი თემები ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური დევნის დასასრული იქნება.

"თუ ისინი აი ამ სულისკვეთებით იმოქმედებენ და ძალისმიერ ნაბიჯებზე წამოვლენ, ამით ქვეყანას დააზიანებენ და თავს დაიღუპავენ და ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს იქნება დაჩქარება ამ ხელისუფლების დასასრულის, ჩემი აზრით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლება მოუწოდეს მმართველ გუნდს, რომ ეხლა სწორედ მათი მოვალეობაა მოლაპარაკებების დასაწყებად ნაბიჯები გადმოდგან, ასევე ეს შეეხება ვადამდელი არჩევნების ჩატარების თემას და პოლიტიკური დევნის დასასრულს, სხვა ნებისმიერი აგრესიული ნაბიჯი, რომელიც მათ შეიძლება გადმოდგან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ დაპირისპირებულ მხარეებს ჩხუბის გარდა არაფერი შეუძლიათ.

„არანაირი წითელი ხაზი ამ ორ პარტიას შორის არ არსებობს მათ უბრალოდ ჩხუბი უნდათ, ქმნიან სიტუაციას, რომელიც შერიგებას თითქოს შეუძლებელს ხდის, სინამდვილეში 4-ივე პუნქტი დაძლევადია, ვინაიდან მათ სხვა თამაში გარდა ერთმანეთთან ჩხუბისა არ იციან ორივე ამისთვის ახალ ახალ მიზეზებს იგონებენ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც არჩევნების დროს შესაძლო დარღვევებს შეისწავლის და რომელში მონაწილეობაც ოპოზიციამაც უნდა მიიღოს, თუმცა როგორც ოხანაშვილი აცხადებს მათ ეს არ სურთ და ამისი ნათელი მაგალითი ნიკა მელიას მხრიდან კანონის აშკარა და უხეში დარღვევაა.