არჩილ თალაკვაძე - მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა, ვითარება გაამწვავა და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა, რათა უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში.

თალაკვაძის თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დესტრუქციული სცენარით საკუთარი თავი, ისევ ოპოზიცია შეიყვანა ჩიხში.

„მომხდარზე და მოვლენების იმ ესკალაციაზე, რაც დღემდე არსებობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან ვინც მას ურჩევდნენ, აგულიანებდნენ, არწმუნებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე და ცესკოზე ძალადობრივი შეტევის გზა თითქოს დემოკრატიულია და თითქოს ეს რაიმე დემოკრატიულ შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას. დღეს აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დესტრუქციული სცენარით საკუთარი თავი, ისევ ოპოზიცია შეიყვანა ჩიხში და სწორედ ამიტომ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა იმ ოპოზიციური პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა და რომელსაც აქვს პრეტენზია, მონაწილეობა მიიღოს პროცესში, ვინაიდან დემოკრატია მონაწილეობის გარეშე არ არსებობს, შემდეგი ნაბიჯი პროცესების დეესკალაციისკენ იქნება უკვე პარლამენტში საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა. ნიკა მელია თავის ადვოკატებთან ერთად აგრძელებს პროცესს სამართლებრივ სივრცეში და სასამართლოში, ხოლო პოლიტიკოსები აგრძელებენ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელია კანონის ფარგლებში სასამართლოს წინაშე წარსდგება.

 „როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. თქვენ გახსოვთ, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას ჰქონდა შეთავაზებული მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ სრულიად გამჭვირვალეც ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება უკვე საშუალება იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.