რა მოხდა ნიკა მელიას საქმის გარშემო - დაკავებიდან ამ დრომდე განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია | შეფასებები

საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია დღეს დილით ამავე პარტიის ოფისში სპეცდანიშნულების რაზზმა დააკავა და როგორც ცნობილი გახდა, ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სულ თავიდან - სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

მოკლედ ისტორიის შესახებ/ მეტი წარმოდგენისთვის - ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ლ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

ამის შემდგომ მოხდა ის, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობაც დააყენა. დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ კი 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტიის მეთაურის დაპატიმრებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მწვავე და არასასურველი შეფასებები მოჰყვა, რამდენიმე მათგანს სტატიაში აუცილებლად შემოგთავაზებთ.

აშშ- ს საელჩო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

საელჩო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე",- ნათქვანია საელჩოს განცხადებაში.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს.

ელჩი აცხადებს, რომ საერთო ენის გამონახვაზე უარი არ უნდა ითქვას.

"ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.

ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო  ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას", - აცხადებს კარლ ჰარცელი.

ეს ფაქტი კრემლის და ივანიშვილის სასარგებლოდ უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია, - ასე ეხმაურება გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, იმედია ბაიდენი სიმტკიცეს გამოიჩენს, რადგან ამ მომენტში კრემლი ყველას აკვირდება.

„საქართველოსთვის ეს ფაქტი, უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია, ამით მხოლოდ კრემლი და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრე ისარგებლებენ. ქართველებისთვის კი ამაში კარგი არაფერია, განსაკუთრებით ვგულისხმობ ახალგაზრდა თაობას. იმედი მაქვს ამ მოვლენებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურბა, კრემლი ყველას აკვირდება“, - წერს გენერალი ბენ ჰოჯესი.

საინტერესო იქნება ამ თემაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკავშილის განცხადებაც, რომელშიც ის აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა თავის დაცვა უნდა ისწავლოს, არანაირი კომპრომისი ბოროტ ძალას.

მისივე განცხადებით, გამარჯვების ბოლომდე სჯერა.

„რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს საქართველოს ისტროიაში ბოლო ათწლეულის მანძილზე არასდროს არ მომხდარა ის რომ ასეთი სახით ბრუტალურად სრულიად უმიზეზოდ დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი, გვესმოდეს თუ რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული ნაციონალურ მოძრაობზე და რატომ ებრძვის ის ამ პარტიას, რატომ იყენებს ამისთვის ყველაფერს, რათა გაანადგუროს ის და მისი ლიდერი კი დააპატიმროს.

აქ საუბარი არ არის იმაზე ვის მოსწონს ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილი ან ნიკა გვარამია აქ საუბარია სხვა რამეზე, ეს არის ძალა რომლის მთავარი ამოცანა ქართველი ხალხის სიღარიბის და გაჭირვების უღლის შედეგად დაშლა და განადგურებაა, რომელშიც ის ივანიშვილმა შეიყვანა. ოპოზიციური ძალა არის ძალა, რომელმაც საქართველოს რეპრესიებიდან ამოყვანა შეძლო თავის დროზე , ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველასთან ვინც იბრძოლებს რათა გადაარჩინოს სასოწარკვეთილი ხალხი, უბედურებისგან. ისინი ამას გააგრძელებენ იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ. არც ჩვენ გვაქვს სხვა გზა გარდა ბოლომდე ბრძოლისა.

ეხლა 100 000-მდე ქართველი უნდა რომ გერმანიაში კომბოსტოს მკრეფავებად წაიყვანოს, რათა იქ მეორეხარისხოვნები გახდნენ.

მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანა 900 000-მდე ქართველმა დატოვა  და ეს ემსგავსება მონათმფლობელობის პერიოდს, როცა ქართველებს თავისუფლად ყიდიდნენ. ეს ქართველი ხალხის გენოციდია, ეს არის ის რაც ჩვენს მტერს ყველაზე მეტად სურს.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ თავის დაცვა, ბოროტ ძალასთან კომპრომისები შეუძლებელია, ეს იქნება მძიმე ბრძოლა და მე ეჭვი არ მეპარება გამარჯვებაში“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ბოლოს კი ასევე მინდა გაგაცნოთ მიმდინარე მოვლენების მთავარი შემოქმედების ირაკლი ღარიბაშვილისა და არჩილ თალაკვაძის განცხადებები, რომლების ერთხმად აღნიშნავენ, რომ სპეცოპერაცია უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდა, რისთვისაც გომელაურს დიდი მადლობა მრავალჯერ გადაუხადეს.

„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიცია, მე მინდა ბატონ გომელაურს საჯაროდ მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ მათ სახელმწიფოს ღირსება და სტაბილურობა დაიცვეს, ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციის გაერთიანებული აქციაა დაგეგმილი, რომელიც 15:00 საათზე გაიმართება.