ნათია მეზვრიშვილი - ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“.

მისივე თქმით, ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან“.

 „სულ რომ თავი დავანებოთ პატიმრობის აღსრულების, ანუ დაკავების ფორმას, შეუძლებელია პროცესის ბოლო ნაწილი (პატიმრობის აღსრულება) იყოს სამართლებრივად გამართული მაშინ, როცა აღსრულებამდე მთლიან პროცესში იყო არაერთი კითხვის ნიშანი. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც აღკვეთის ღონისძიების საფუძვლების შესახებ რაიმე სმენია და ვინც კარგად იცნობს ამ მხრივ პრაქტიკას.

გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორი მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. მაგრამ ეს ნორმა ცალკე მდგომად ვერ იქნება განხილული იმიტომ რომ, ნებისმიერ აღკვეთის ღონისძიებას (იქნება ეს პატიმრობა თუ გირაო) პირველ რიგში სჭირდება საფუძველი - ანუ, დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინაც კი, როცა ბრალდებული გირაოს ვერ/არ გადაიხდის, მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, პროკურატურამ/სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს ამ ბრალდებულის მიმართ ისევ არსებობს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ანუ, მარტივად შეიძლებოდა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული, განაჩენის გამოტანამდე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.

გარდა ამისა, კანონი არ განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიებების იერარქიას. არავინ იცის რომელი აღკვეთის ღონისძიებაა უფრო მკაცრი ან ნაკლებად მკაცრი. ამის გამოა, რომ ხშირად სასამართლო ბრალდებულს, რომელიც გირაოს პირობებს არღვევს, პატიმრობას კი არა პირად თავდებობას ან სხვა არასაპატიმრო აღკვეთს უფარდებს.

შესაბამისად, აპელირება იმაზე, რომ პატიმრობა კანონის ერთადერთი მოთხოვნა იყო და სხვა გზა არ იყო, იმთავითვე მცდარი იყო.

რაც შეეხება პატიმრობის აღსრულებას, ანუ დაკავებას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია აღსრულება გამართულად შეფასდეს, როცა აღსრულებამდე პროცესში უამრავი კითხვის ნიშანი იყო როგორც პოლიციის, ისე პროკურატურის და სასამართლოს ქმედებებთან დაკავშირებით.

 

ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ცვლილების საკითხმა ზედაპირზე ამოიტანა მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის და მისი თითოეული რგოლის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა. იმედია, როცა პოლიტიკური ქარცეცხლი გადაივლის, ყველა ერთად დავფიქრდებით მართლმსაჯულების მთლიანი სისტემის კომპლექსური (და არა ფრაგმენტული) ფუნდამენტური და რეალური რეფორმირების აუცილებლობაზე.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი - ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ წააგოს „კანონის აღსრულების სახელით“. არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან“, - წერს მეზვრიშვილი.