„მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს“, „ეს ზვავი მათ წალეკავს“ - რას აპირებს ოპოზიცია?

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციამ აქციების გამართვა დაანონსა და დაიწყო.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ყველაფერს უნდა ელოდოს საზოგადოება იქნება ეს პიკეტი, მანიფესტაცია თუ სხვა სახის პროტესტი.

ამასთან მანვე აღნიშნა, რომ ყველა მმართველი გუნდის წარმომადგენლის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს.

„რასაც ჩვენი კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს საშუალებას, უნდა ველოდოთ ყველაფერს - პიკეტი, მანიფეატაციები ყველა ქალაქში, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატები, მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს ყველგან, იმიტომ, რომ ეს მიწა არის ჩვენი საერთო მიწა და თუ თქვენ გადაწყვიტეთ მეგობრებო, რომ ჩვენ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ, ამ ფუფუნებას თქვენ ვერ მიიღებთ.

ამიტომ ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ აი, ის სამარცხვინო რამ, რაც მათ ჩაიდინეს და მათი კოლეგა რომ ციხეში გაუშვეს, მხოლოდ მაგიტომ იქნება ინდივიდუალურად სიცხვილის ბოძზე გამოკრული და ასევე, ტყუილად ჰგონიათ „მასკებში“ დამალულ სამართალდამცავებს, რომ მათი სახელი და გვარი არ ვიცით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ინდივიდუალურად ვინც აი, ამ ვანდალურ ოპერაციაში მონაწილეობდა.

ის დრო წავიდა აი, ხელისუფლება შეიცვლება და ჩვენ ყველას გამოვადგებით - არა! ვინც არის ვანდალი, ვინც აი, ასეთ რამეზე მოაწერს ხელს, უნდა იცოდეს, რომ მას ექნება „მგლის ბილეთი“ და არასდროს სახელმწიფო სამსახურში არ იქნება იმიტომ, რომ ის არის მონა და ჩვენ სახელმწიფო სამსახურში გვჭირდება ის, ვინც ემსახურება ხალხს და არა ერთ ვიგინდარა მილიარდერს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ასევე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ის კრიტიკის ზვავი, რომელიც აგორდა მმართველ გუნდს ერთიანად წალეკავს.

მან ასევე აღნიშნა, რომ კატასტროფაა ის რაც დღეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხდება.

„ის, რასაც დღეს ვხედავთ, აღარ არის კრიტიკის ტალღა, ეს არის კრიტიკის ზვავი, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთმა ნაწილმა დაატეხა საკუთარ თავსაც და დაატეხა ჩვენს ქვეყანას. როდესაც ამერიკის კონგრესის ორივე პალატის ოთხი წამყვანი კონგრესმენი, ვის ხელშიც არის აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ოფიციალურად დაწერილ ტექსტში იყენებს ტერმინს „პოლიტიკური პატიმარი“ და ახსენებს კონკრეტულ გვარებს, როდესაც ეს ადამიანები ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ამბიცია არის წარსულში და გვეუბნებიან, რომ რაც დაგრჩათ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, იქედან მაინც ნუ გადაუხვევთო, ეს არის კატასტროფა.

ამ კატასტროფაში დღეს ქვეყანა და საკუთარი თავი შეიყვანა „ქართული ოცნების“ ერთმა ნაწილმა საკუთარი გაუაზრებელი ქმედებებით. ამიტომ, დღეს ჩვენი ქართული საზოგადოების ვალდებულებაა, დავანახოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართული საზოგადოება და საქართველო არ არის „ქართული ოცნების“ ერთი ნაწილი, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ნორმალურ მომავალს, განვითარებას და დასავლეთთან ურთიერთობას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთი მცირე გუნდის გაუაზრებელ რადიკალიზმს გადაყვეს ეს ქვეყანა, ჩვენი და ჩვენი შვილების დასავლური და ნორმალური პერსპექტივა.

ეს ზვავი მოდის დღეს დასავლეთიდან. თუ „ქართული ოცნება“ ასეთ მოქმედებას გააგრძელებს, ეს ზვავი მათ წალეკავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საფრთხე არის სხვა, ამ ზვავში არ ჩაყვეს საქართველო და არ დავუშვათ, რომ „ქართული ოცნების“ გამო, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს საფრთხე შეექმნას. ამ გზაზე გარდაუვლად იქნება სანქციებიც. მე ყოველთვის სკეპტიკურად და ძალიან ფრთხილად ვუყურებდი სანქციების რეალისტურობას, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“, სანქციების შემოღება უბრალოდ დროის საკითხია, ის აუცილებელად იქნება. ცუდია, როდესაც შენს ქვეყანაში, თუნდაც ცუდ მთავრობას სანქცია დაედება, მაგრამ ის, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, სხვა გამოსავალს არ ტოვებს. დარწმუნებული ვარ, თუ პროცესები ასე გაგრძელდა და პოლიტიკურ დინამიკაში რადიკალური გარდატეხა არ მოხდა, სანქციების შემოღება დროის და რამდენიმე თვის საკითხია“,- განაცხადა ბაქრაძემ.