რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია - სუს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური მიმდინარე წლის 1 აპრილს გათავისუფლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

„რ. ბეღლური უკანონოდ დააკავეს 2021 წლის 2 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის გამოყენებით, ამავე პერიოდში, საკითხი განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე 2-თვიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და სხვა უკანონო აქტივობებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.