დაწესდება თუ არა მკაცრი შეზღუდვები, როგორ შევხვდებით აღდგომას და რა ეტაპზეა ვაქცინაციის პროცესი? - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ნებისმიერი ინფიცირების მატება და ესკალაცია მესამე ტალღის წინაპერიოდია.

მისივე თქმით, საზოგადოების მხრიდან დადგენილი რეგულაციების აღსრულებაზეა დამოკიდებული როგორი იქნება შემდგომი სიტუაცია.

„დღეს დაფიქსირდა 897 ახალი შემთხვევა, რაც მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდვითარება უარესდება, ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი, რაც ინფექციის გავრცელების ტემპების სიჩქარის გაზრდაზე მიუთითებს.

ვაქცინაციის პროცესი ხორციელდება გეგმის მიხედვით და ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა შესაბამის ჯგუფებს, ამდენად ქვეყანა ისევ ადრეულ ვაქცინირების ეტაპზეა და მხოლოდ მაღალი რისკის შემცველი ჯგუფები აიცრებიან.

ყველაზე მნიშვნელოვანია ტესტირების არეალის გაფართოება და ასევე მნიშვნელოვანია უკვე დაწესებული შეზღუდვების მაქსიმალურად აღსრულება. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავშეყრების თავიდან აცილება და მათი მოკრძალებულ ფორმაში ჩატარება. თუ ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს ჩვენ ისევ მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვების იმ მენიუს, რომელიც უკვე გამოვიარეთ და აქედან მობილობის შეზღუდვის მექანიზმები ისევ გამოვიყენოთ. უნდა დავიცვათ ყველა რეგულაციები, რათა მკაცრი აკრძალვების დაწესება არ დაგვჭირდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის კლასტერული აფეთქება თუ ინდივიდუალური ინფიცირება მთლიანად ეპიდვითარება უარესდება. ამ კვირის და იქეთ კვირის მანძილზე მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის ზომები, რაც არის დამატებითი აკრძალვების გარეშე აღსრულდეს. შემდეგ უკვე ვიმსჯელებთ, რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაციის მიზნით, რომელიმე დასახლებულ პუნქტში მოხდეს მობილობის შეზღუდვა, გადაადგილების აკრძალვა, თუმცა რამდენიმე შემთხვევის გარდა მსგავსი ფაქტები არ ვლინდება.

დღევანდელი მდგომარეობით არ დგას მკაცრი აკრძალვების აუცილებლობა, თუმცა თუ ვითარება გაუარესდება რა თქმა უნდა შესაძლოა ისევ იმ აკრძალვის მექანიზმებს დავუბრუნდეთ, რაც აქამდე გვქონდა. ჩვენ 2%-ს ვუახლოვდებით, ამიტომ 5% უკვე საგანგაშო მაჩვენებლია, ამდენად 2%-ს როდესაც გადასცდება ეს მაჩვენებელი უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ დამატებით რეგულაციებზე.

ნებისმიერი მატება და ესკალაცია მესამე ტალღის წინაპერიოდია, ამდენად ჩვენ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ იყოს ისეთი, როგორც ნოემბერსა და დეკემბერში. ახალ შტამებთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიმძიმე არ იკვეთება.

20 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა ვაქცინაცის მისაღებად და აიცრა 12 000-ზე მეტი, ეს მცირე მაჩვენებლია, მეტი იყო ქალაქებში და ნაკლები რეგიონებში. ხვალ იქნება ვაქცინაციის საბჭო და შესაძლოა განისაზღვროს ახალი ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციაში ასაკისდა მიუხედავად ჩაერთვებიან. მაგალითად არიან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები ვისაც ესაჭიროება ვაქცინაცია.

ის რომ ვაქცინაციის პროცესი არცისე ჩქარია, საინფორმაციო რესურსის არარსებობის ბრალია.

ჯერჯერობით რაიმე აკრძალვების გეგმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მობილობის შეზღუდვის მიზნით არ არის, ზოგადი ღონისძიებები ამაზე საუბარი მიდის, არის მსჯელობა, ვნახოთ როგორი იქნება სიტუაცია. ეკლესიაში უნდა იყოს დაცული დისტანცია და უნდა იქნას ათვისებული გარე სივრცეები.

მეგი ბაქრაძესთან დაკავშირებით ველოდებით სამხარაულის დასკვნას და შემდეგ გვეცოდინება საბოლოო პასუხი. ზუსტ პასუხებს ვერ გეტყვით, რადგან რეგულირებაც მხოლოდ საბოლოო დასკვნის შემდეგ გვიზიარებს ინფორმაციას.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ადამიანების კარანტინის საკითხს ამასთან დაკავშირებით რეგულირების საბჭო მუშაობს და საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს, იგივე რეჟიმი ნარჩუნდება.

რაც შეეხება ასი ცნობადი ადამიანის ჩართვას, რადგან „ფაიზერის“ ვაქცინამ დიდი აქტიურობა გამოიწვია, შესაბამისად ადგილები შეიზღუდა და არ გვინდოდა ცნობილი ადამიანების აცრას რაიმე უსამართლობის შეგრძნება გამოეწვია. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, ამ პროცესშიც მხოლოდ ისინი უნდა ჩაერთონ ვისაც ასაკობრივი ჯგუფის გამო ეკუთვნის ვაქცინაცია.

დიდ ქალაქებში რაც ყველაზე  მეტად ჩვენ მობილობის შემცირების საშუალებას გვაძლევს ეს არის ღამის გადაადგილების შეზღუდვა, პირველ რიგში ეს ძალაშია და ისევ ასე უნდა დარჩეს. შემდეგი ეფექტური საშუალება ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მოდიფიცირება, ნაკადის კონტროლი, რაც ასევე საკმაოდ ეფექტურია. რაც შეეხება სოფლად ადგილზე აქტიური ტესტირება არის საკმაოდ ეფექტური გამოსავალი.

თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა ჩვენ ვეცდებით ბაღები და სკოლები არ დაიხუროს.

ვაქცინაციის  მეორე ეტაპი ყველაზე ადრე მოქალაქეს უწევს 15 მაისს. ხელახალი რეგისტრაციის პორტალი გაიხსენება. აპრილის ბოლოს უნდა მივიღოთ „ასტრაზენეკას“ ახალი დოზები და „ფაიზერი“ კი უნდა მივიღოთ ივნისის თვეში. პირდაპირი მოწოდების გრაფიკს შემდეგ მოგაწვდით.

სამართლებრივი საფუძველი გვაქვს, რომ ქვეყანაში დაიწყოს „სინოფარმის“ ვაქცინაცია, თუმცა მეტი ნდობისთვის ველოდებით ჯანმოს მიერ ავტორიზაციას. საბჭო იმსჯელებს, თუ რამდენად ამ სიტუაციაში უნდა დაველოდოთ ამ ავტორიზებას, თუ დავიწყოთ უკვე ვაქცინაცია. იქნება მსჯელობა და ყველაფერი შემდეგ გადაწყდება“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ბოლო დროის მანძილზე ყველაზე მეტი 897 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.