დონბასში 2 უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, სამშაბათს, 6 აპრილს დონბასის საომარ ზონაში  რუსეთის მიერ კონტროლირებადმა არალეგალურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა 14-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, ერთი ჯარისკაცი დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა,“- აღნიშნულია შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათ გამოიყენეს 82 მმ და 120 მმ ნაღმტყორცნები, სამფეხზე დამონტაჟებული პორტატული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, მძიმე ტყვიამფრქვევები და ავტომატური შაშხანები სოფელ პისკისა და ოპიტნის მახლობლად.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა. უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, პრორუსი მებრძოლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.