მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს - ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლას ცდილობდნენ

აფხაზეთიდან  ზუგდიდის მიმართულებით წამოსული ერთი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება, 3 ცხედარი კი ნაპოვნია, ერთ-ერთი მათგანი მდინარე ენგურმა სოფელ შამგონასთან ცოტახნის წინ გამორიყა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფაქსინტერნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.

„მდინარე ენგურზე სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს და მდინარიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის  ცხედარი.

დამატებით გრძელდება კიდე ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ.

 „წამოვიდა 4 კაცი და დაიკარგა, არვიცით წყალმა მოუსწრო თუ რა დაემართათ, ფაქტიურად დაიკარგა 4 ადამიანი. ან გაუხსნან გზა ან რამე უშველონ ხალხს“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„არავინ არ გამოჩენილა, არც არავინ შემხმიანებია“, - აცხადებს მეორე ადგილობრივი.

ცნობისთვის, სამი დღის წინ 4 ადამიანი გალიდან ზუგდიდში ღამით გადასვლას ცდილობდა, იმის გამო, რომ რუს ოკუპანტებს გამოქცეოდნენ მათ მდინარე ენგური ფეხით უნდა გადმოელახათ რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ ისინი გაიტაცა. დაკარგულების ოჯახებმა მომხდარის შესახებ ქართულ მხარეს აცნობეს, თუმცა არავის დაკონტაქტებიათ, რუსი ოკუპანტები კი სამძებრო სამუშაოების ჩატარების ნებას არ აძლევდნენ.