რა ვითარებაა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რას აცხადებს „ნატო“ და როგორია რუსეთის პოზიცია - რთული სამკუთხედის შესახებ

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში  სამშაბათს, 6 აპრილს დონბასის საომარ ზონაში  რუსეთის მიერ კონტროლირებადმა არალეგალურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა 14-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, ერთი ჯარისკაცი დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა,“- აღნიშნულია შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათ გამოიყენეს 82 მმ და 120 მმ ნაღმტყორცნები, სამფეხზე დამონტაჟებული პორტატული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, მძიმე ტყვიამფრქვევები და ავტომატური შაშხანები სოფელ პისკისა და ოპიტნის მახლობლად.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა. უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, პრორუსი მებრძოლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმერ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგთან დონბასში  მდგომარეობის გამწვავება განიხილა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატო-სთან ურთიერთობებში ყველაზე აქტუალური საკითხი ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემის შესაძლებლობაა.

„ჩვენ მივისწრაფით ჩვენი ჯარისა და თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისკენ, თუმცა მხოლოდ რეფორმები რუსეთს არ შეაჩერებს. ნატო არის ერთადერთი გზა დონბასში ომის დასასრულებლად. წევრობის სამოქმედო გეგმა გახდება ნამდვილი სიგნალი რუსეთისთვის“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან დონბასში ვითარების გამწვავების საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში შეინიშნება რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევებისა და გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროების რაოდენობის ზრდა. მან ასევე სტოლტენბერგს უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ ჯარების მობილიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, მეტი ყურადღება დაუთმონ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს და გააძლიერონ აღნიშნულ რეგიონში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ „ნატო“ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო სერიოზულად შეშფოთებულია.

„მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვრჩებით ჩვენი მჭიდრო პარტნიორების ერთგულნი“, - წერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

დონბასში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში მიღება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთითკრიზისს მხოლოდ გაამწვავებს.

„ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში სეპარატისტული რეგიონების რამდენიმე მილიონი მაცხოვრებელი მიიჩნევს, რომ ასეთი პერსპექტივები ”ღრმად მიუღებელია.

ჩვენ ღრმად გვეპარება ეჭვი, რომ ეს [უკრაინის მიღება ნატოში] როგორმე დაეხმარება უკრაინას გაუმკლავდეს შიდა პრობლემებს. ჩვენი აზრით, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას, რადგან ნატოში შესვლაზე საუბრისას ხალხის აზრი ორად გაიყოფა”, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით შექმნილი ვითარება ნიშნავს იმას, რომ კიევი არ აპირებს ”დამშვიდებას” და ”შეიარაღებული ძალების კონტროლს”.

პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი "შეშფოთებულია" შექმნილი ვითარებით და რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შექმნილი მდგომარეობის გამო აღშფოთება გამოთქვა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბრისას.

2008 წელს ნატომ განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო საბოლოოდ გახდებიან ნატოს წევრები.

9 თებერვალს პრესკონფერენციაზე უკრაინის პრემიერ მინისტრთან დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოში უკრაინის წევრობის თარიღი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, მაგრამ რაც უფრო უახლოვდება ქვეყანა ალიანსის სტანდარტებს, მით უფრო ახლოს არის გაწევრიანების პერსპექტივა.

ამჟამად უკრაინას ნატოს პარტნიორის სტატუსი აქვს.

გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის სამთავრობო ძალებსა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის დაპირისპირების შედეგად 13000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ დონბასში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად სამმხრივი ჯგუფის წევრებმა რუსეთმა, უკრაინამ და ეუთომ 2020 წლის 27 ივლისიდან შეთანხმება გააფორმეს.

30 მარტს უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმა რუსლან ჰომჩაკმა თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო წვრთნების საბაბით გზავნიან ჯარებს უკრაინის საზღვრებთან.

თავის მხრივ, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ისე გადაადგილდება როგორც მას სურს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა. უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, პრორუსი მებრძოლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.

სტატიის ავტორი : მარიამ ხულიაშვილი