ნიკოლ ფაშინიანი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

როგორც პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობს, ორი ქვეყნის ლიდერი მოლაპარაკებებს დროს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გახსნის შესახებ გაამახვილებენ ყურადღებას.

„შეხვედრაზე იგეგმება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერსა და 2021 წელის 11 იანვარს ხელმოწერილი განცხადებების რეალიზაციაზე მსჯელობა. მოლაპარაკებების დრო ასევე განიხილება დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება რეგიონში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, კერძოდ სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენის კონტექსტში“, – იუწყება კრემლის პრესსამსახური.

ამას გარდა, პესკოვის თქმით, შეხვედრაზე პუტინი და ფაშინიანი ისაუბრებენ სომხეთში დაგეგმილი არჩევნების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ხოლო 11 იანვარს მოსკოვში გაიმართა ალიევის, ფაშინიანია და პუტინის მორიგი მოლაპარაკება, სადაც ხელი მოეწერა რეგიონში ახალი ინფრასრუქტურული პროექტების შესახებ განცხადებას.