„ენგურჰესის“ ხელმძღვანელობა მდინარის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის ხელმძღვანელობა მდინარის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ენგურჰესის“ ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად მოიმატა.

ამასთანავე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მდინარის სიახლოვის მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ, ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს.

„პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მდინარე ენგურში დღეს გამთენიისას, დაღუპულთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს”, - აღნიშულია „ენგურჰესის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.