ნიკა მელია პატიმრობაში რჩება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონთან არაფერი აქვს საერთო და ის პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

"მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო წინასწარ და მას კანონთან რაიმე შემხებლობა არ აქვს. დღეს გადაწყვეტილება იკითხებოდა პროცესის დასაწყისიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო კანონის მოთხოვნის დონეზე ვერ დადგა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ხელისუფლება ავრცელებდა პროპაგანდას თითქოს ნიკა მელიას შეეძლო გირაოს გადახდა და  გამოსვლა, დღეს კი ამ ყველაფერს ფარდა აეხადა. მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება და ეს ყველაფერს აჩვენებს", - აცხადებს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი.