„ქართული ოცნების“ 5-მა დეპუტატმა პარტია დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა - იწყება პარტიის მშენებლობა

საქართველოს პარლამენტის ხუთი წევრი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.

ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ეს ადამიანები გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე. ისინი საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ.

პარტიის დეპუტატი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთად ისაუბრებენ.

„მოგესალმებით, როგოც უკვე ითქვა გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვტილება, რომ დღეიდან ვიწყებთ პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას და შესაბამისად ვტოვებთ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის მოულოდნელი არც თქვენთვის და არც პარტიისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ამის შესახებ გიორგი გახარიასთან ერთად მომავალში ვისაუბრებთ“, - აცხადებს ანა ბუჩუკური.

ისინი ექსპრემიერის პარტიას შეუერთდებიან, პარლამენტში კი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ. 

"ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები. ვართ თანამოაზრეები. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები. ახალი ამბავი არის ის, რომ ჩვენ, გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე. შესაბამისად, ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტში ამ ეტაპზე საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორ დამოუკიდებელი დეპუტატები". - თქვა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. 

"მე როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და მისი თანამოაზრე მუშაობას გავაგრძელებ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და ამავე დროს აქტიურად ვიქნები ჩართული პარტიის მშენებლობის საკითხში. დღეს საქართველოს ჭირდება ამ დაპირისპირების დასრულება", - აცხადებს ერთ-ერთი დეპუტატი.